
„მივესალმები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, 8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა იყოს შესრულებული“, - ევროპარლამენტის წევრი ლორენს მერედიტი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას დადებითად აფასებს.
მისი განცხადებით, საქართველომ უნდა გაითვალისწინოს, რომ ევროკავშირი სასამართლო რეფორმაში, ვენეციის კომისიასთან და ევროსაბჭოსთან მუშაობაში თანმიმდევრულია.
ლორენს მერედითი ქართულ ოცნებას 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებს.
„ევროკავშირი მკაფიოდ თანმიმდევრული იყო და არის სასამართლო რეფორმაში და პარტნიორ ორგანიზაციებთან, ვენეციის კომისიასთან, ევროსაბჭოსთან მუშაობაში. მოვუწოდებთ საქართვლოს ეს გაითვალისწინოს. საარჩევნო წელია და მივესალმები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, მაგრამ როგორც თავმჯდომარემ აღნიშნა მნიშვნელოვანია ყველა ნაბიჯი გადაიდგას, რომ მარტის შეთანხმება სრულად იყოს შესრულებული“, - განაცხადა ლორენს მერედიტმა.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე სვენ მიქსერის მიერ შედგენილ ანგარიში განიხილეს, ევროპარლამენტარები ოპოზიციური პარტიების ლიდერების, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის, შეწყალებას გამოეხმაურნენ და განაცხადეს რომ 15 მაისს პოლიტპატიმრების გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების შესრულებისთვის მნიშვნელოვანი ასპექტია, თუმცა ასევე უმთავრესია გათავისუფლდეს კიდევ ერთი პოლიტპატიმარი გიორგი რურუა.