logo
ENG



კანონში ცვლილებები არ შეესაბამება კონსტიტუციას - საია ხუნდაძის ინიციატივაზე

19 მაი 202021:02
3 წუთის საკითხავი
 
tq227y2vbtalh39.jpg

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხმაურება. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საია უარყოფითად აფასებს საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ შემოსაღებ რეგულაციებს და მათ არაკონსტიტუციურად მიიჩნევს.

„მიგვაჩნია, რომ მართალია, ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შესაბამისი რეგულაციების მიღება ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს, თუმცა საქართველოს მთავრობისთვის კანონპროექტში აღნიშნული უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილების გადაცემა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის სტანდარტს და ზემოაღნიშნული შეზღუდვები უნდა მოხდეს მხოლოდ კანონის შესაბამისად. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ კანონპროექტი უშვებს მითითებულ უფლებათა შეზღუდვას არაპროპორციული მოცულობით და არ არის ორიენტირებული კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე აუცილებლობაზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეპიდემიის კერაში შესაბამისი შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლი ისედაც ადგენს და აღმასრულებელი ხელისუფლების აღჭურვა დამატებითი უფლებამოსილებით, ეწინააღმდეგება უფლების შეზღუდვის პროპორციულობის პრინციპს.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, კანონპროექტის განხილვისას გაითვალისწინოს განცხადებაში მოტანილი არგუმენტები, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის სტანდარტები და მათი გათვალისწინებით მიიღოს ცვლილებები კანონმდებლობაში", - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში დარეგისტრირდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ ხელისუფლებას გადაადგილების აკრძალვის უფლებას დაუტოვებს ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე.


close დახურვა