საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, საოკუპაციო ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებზე საუბრობს. მისი განცხადებით, მას შემდეგ რაც დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარი ჩაკეტა და არავის არ უშვებს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გარდაცვალების 10 ფაქტია დაფიქსირებული, რაზეც საქართველოს ხელისუფლებას მყისიერი რეაგირება უნდა ჰქონოდა.
მისი განცხადებით, მარიონეტული რეჟიმის ქმედებები, სწორედ საქართველოს ხელისუფლების უყურადღებობით არის განპირობებული.
„ჩვენი ინფორმაციით ამ პერიოდის განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ათამდე ადამიანი გარდაიცვალა იმის გამო, რომ მას დროული და კვალიფიციური სამედიცინო დახმარება ვერ მიიღეს. ვერ ტარდება ადგილზე სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევები, სახელმწიფო დახმარების აღმოჩენა ვერ ხდება ადეკვატურად. იმის ნაცვლად, რომ მამაკაცის გადმოყვანა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დროულად მომხდარიყო, ასეთ შემთხვევებში პაციენტებს სჭირდებათ ცხინვალში წასვლა, შემდგომ ადგილზე იმ სერვისების მიღება რომელიც არაკვალიფიციურია.
ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა არ შეცვლილა. როცა ასეთი რისკები იქმნება აუცილებელია, რომ კონკრეტული სამოქმედო გეგმა არსებობდეს“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 63 წლის მამაკაცი ჯანმრთელობის დამძიმების შემდეგ სოფელ კარალეთთან მაშინ გარდაიცვალა, როცა წითელ ჯვარს ის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოჰყავდათ.
