„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან იურიდიული ვალდებულებები არ გვაქვს, მზად ვართ, კიდევ ერთხელ მოვიწვიოთ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად ახალი წვრთნებიც ჩავატაროთ“, - ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსული მხარის მიერ ლუგარის ლაბორატორიის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს.
როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, რუსული მხარის განცხადებები ცილისმწამებლური იყო. მისივე თქმით, ლუგარის ლაბორატორია არა მხოლოდ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ნაწილი, არამედ ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტია.
„რაც შეეხება ლუგარის ლაბორატორიას, 26 მაისს, მაშინ როდესაც მთელი მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოება ულოცავდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენ მივიღეთ ცილისმწამებლური და პარადოქსული განცხადებები რუსეთის ფედერაციის მხრიდან. არაერთხელ გვითქვამს და არ დავიღლებით ამის განცხადებაში, რომ ლუგარის ცენტრი, არის მნიშვნელოვანი ცენტრი, რომელმაც ფასდაუდებელი როლი შეასრულა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ფასდაუდებელია საქმიანობა, რომელსაც ახორციელებდა და მომავალშიც განახორციელებს. ის არის არა მხოლოდ ჯანდაცვის სისტემის შემადგენელი ნაწილი, ის არის ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტია. საზოგადოებამ კარგად უნა იცოდეს, რომ საქართველო არის მონაწილე ბირთვული შეიარაღების გაუვრცელებლობის კონვენციის, რომლის ფარგლებშიც შექმნილი ყველაზე ეფექტური მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ამ ცენტრის ტრანსფარენტულობას. ჩვენი 2018 წელს მოვიწვიეთ საერთაშორისო ექსპერტები, მათ შორის რუსეთიდან, რომ მიეღოთ მონაწილეობა და თვალნათლივ ენახათ, რას წარმოადგენს ეს ლაბორატორია. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი იურიდიული ვალდებულება არ გვაქვს რუსეთთან, მზად ვართ, ისინი დავპატიჟოთ და კიდევ ერთი ახალი წვრთნები ჩავატაროთ საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით. თუმცა ორმხრივად მოწვევა არ განხორციელდება, რადგან ჩვენ არანაირი ვალდებულება არ გვაქვს მათ წინაშე“, - განაცხადა ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, მოსკოვი ლუგარის ლაბორატორიაში რუსეთის პროფილური ექსპერტების დაშვებას ითხოვს. რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მოსკოვი თბილისისგან „ურთიერთმისაღები პირობებით" გათვალისწინებული ნებართვის მოლოდინშია.