logo
ENG



პროცედურული ხრიკი არ გაამართლებს - ინტერპელაციის მიხედვით, პრემიერს შეკითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა მოუხდება

28 მაი 202020:12
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერის 11 საათიანი მოსმენის შემდეგ პარლამენტი ახლა ოპოზიციის მიერ გახარიას დაბარებისთვის ემზადება. ოპონენტების კითხვები ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ კრიზისს ეხება. მმართველი პარტია კი აღტაცებას ვერ მალავს და პრემიერისგან ხვალ მასტერ კლასს ელოდება.

პროცედურული ხრიკი ამჯერად არ გაამართლებს - ინტერპელაციის მიხედვით, პრემიერს კონკრეტულ შეკითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა მოუხდება. გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში ამჯერად ორმა ფრაქციამ - „ევროპულმა საქართველომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა. ორივე ფრაქცია ჯამში 10 შეკითხვას დასვამს, ათივე ეკონომიკურ ვითარებას შეეხება. უფრო კონკრეტულად კი დეპუტატები ინტერესდებიან - რატომ დააგვიანა მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმის წარმოდგენა, რატომ არ დაუგროვდათ მოქალაქეებს დახმარება, რატომ არ ეძლევათ პირებს დაგროვებითი პენსიის გახარჯვის უფლება და რატომ ვერ მოხერხდა ქვეყანაში სიღარიბის შემცირება.

ოპოზიცია პრემიერისგან პასუხებს ელის „ქართული ოცნება“ კი მასტერკლასს. გუშინდელი მოსმენით აღტაცებული პარტია უკეთესი შედეგის მოლოდინშია - ფიქრობენ, რომ ოპოზიციას პოლიტიკური შოუ არ გამოუვა.

გია ვოლსკიმ ოპოზიცია კორონასთან გააიგივა - კობახიძემ კი ისევ გოიმებთან. ამ შეუფერებელი ლექსიკის გამო ექს-სპიკერი ოპონენტებმა დღეს ისევ გააკრიტიკეს. რაც შეეხება გახარიას - მისი გამოსვლა კლოუნადად შეაფასეს. ფორმასთან ერთად შინაარსობრივი მხარეც საგანგაშოდ მიიჩნიეს, განსაკუთრებით კორუფციასთან დაკავშირებული განცხადება, რომელსაც პრემიერი „ქართულ-ჯიგრულს“უწოდებს.

შეძლებს თუ არა პრემიერი თავის დაძვრენას, პლენარულ სხდომაზე გამოჩნდება. პროცედურა ბიუროს სხდომაზე გაიწერება. რეგლამენტით ინტერპელაციისას პოლიტიკური დებატები სავალდებულო არ არის. კითხვის ავტორს 10, მოპასუხეს კი სავარაუდოდ 20 წუთი ექნება.


close დახურვა