logo
ENG



ჯაფარიძე ერთიან მაჟორიტარებზე: მზად ვართ ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად გავაგრძელოთ დისკუსიები

04 ივნ 202015:26
3 წუთის საკითხავი
 

ხელისუფლების ოპონენტები არჩევნების პირველ ტურში საერთო კანდიდატების დაყენებაზე მსჯელობენ. მათი თქმით, ქართული ოცნების დასამარცხებლად ოპოზიცური პარტიები კომპრომისზე უნდა წავიდნენ.

კომპრომისის ერთ-ერთი მაგალითი, შესაძლოა, იყოს პარტია „ლელო“, სადაც დღეს განაცხადეს, რომ შესაძლოა, თბილისთან დაკავშირებით ოპოზიციასთან საერთო კანდიდატი ჰყავდეთ. აქამდე „ლელო“ ამბობდა, რომ 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატი ეყოლებოდა. პარტია აპირებს „ლეიბორისტული“ პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრაში მონაწილეობას.

როგორც „ლელოს“ დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, აუცილებელია მმართველი გუნდის კანდიდატები პირველივე ტურში დამარცხდნენ.

„ჩვენ მზად ვართ ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად გავაგრძელოთ დისკუსიები, გავაგრძელოთ დისკუსიები იმასთან დაკავშირებით რა იქნება უფრო ეფექტური გზა, რომ პირველივე ტურში დავამარცხოთ „ქართული ოცნების“ კანდიდატი. შეიძლება, ეს იყოს შეჯერებული კანდიდატი. შეიძლება, ჩვენი კანდიდატის ირგვლივ შეჯერდეს სხვა ოპოზიციური პარტიები“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ ამომრჩევლის დაკვეთა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთიანობაა.

„ბოლომდე გვაქვს იმედი, რომ მოხდება შეთანხმება, განსაკუთრებით თბილისის მაჟორიტარულ ოლქებზე და შევძლებთ ოპოზიციური პარტიები, ერთიანი ფორმატით შევუტიოთ „ქართულ ოცნებას“. დღეს ამომრჩევლის დაკვეთაა ერთიანობა. ერთიანობის მიღწევის მაღალი შანსი არსებობს თბილისის საარჩევნო ოლქებში და „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს დათმობს ამ შეთანხმების მისაღწევად“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

„გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ბოლო დღეებში ცალკეულმა პარტიებმა რიტორიკა შეიცვალეს.

„მაჟორიტარულ ოლქებში შეთანხმება მნიშვნელოვანია, რათა ივანიშვილი დავამარცხოთ. ჩვენ დღემდე ამ ხედვის ერთგული ვართ. უბრალოდ, რაც დავინახეთ არის ის, რომ ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან რიტორიკა შეიცვალა. ნაცვლად იმისა, რომ საუბარი იყოს, რომ მნიშვნელოვანია პირველ ტურში მაჟორიტარების შეთანხმება, აქცენტი გადატანილია იმაზე, რომ მეორე ტურში ყველა ოპოზიციურმა პარტიამ იმ ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭიროს მხარი, რომელიც მეორე ტურში გავა“, - აცხადებს ჯაფარიძე.

ოპოზიციური პარტიების ერთიანობაზე საუბრობს „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი ანზორ ბიწაძეც.

„აქ მთავარი ამოსავალი წერტილია, რომ მოვახერხოთ და რაც შეიძლება ნაკლები მაჟორიტარული ოლქი მოიგოს ქართულმა ოცნებამ. რაც შეეხება ცალკეული პარტიების პოზიციებს - პროცესი ცუდად არ მიდის. ბუნებრივია, იქნება გარკვეული სირთულეები ამ გზაზე. ასე, რომ ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ყველა კოლეგა ოპოზიციონერი პასუხის მგებლიანად მოეკიდება ამ საკითხს და უმეტეს ოლქებში მოხდება შეთანხმება“, - განაცხადა ბიწაძემ.

 


close დახურვა