ეთნიკური შუღლის გაღვივების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვები გრძელდება. არასამთავრობო ორგანიზაცია „გეირათის“ დამფუძნებელ ზურმუდ კურბანოვს უწყებაში ორ საათზე მეტ ხანს კითხავდნენ. მან შენობა უკვე დატოვა.
რამდენიმე წუთის წინ უწყებაში შევიდა კიდევ ერთი სამოქალაქო აქტივისტი მარნეულიდან, რომელიც ასევე გამოკითხვაზეა დაბარებული. სუს-ში შესვლამდე მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ არიან პროვოკატორები, რომლებსაც სურთ, ეთნიკურად აზერბაიჯანელ და ქართველ მოქალაქეებს შორის ურთიერთობა დაძაბონ.
„რამდენიმე დღის წინ დამირეკეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან და მითხრეს რომ 2 საკითხთან დაკავშირებით მიბარებენ. ერთი საკითხი ეხება საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობას, მეორე კი ნარიმან ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებულ პროცესებს. მინდა აღვნიშნო, რომ გარკვეული ჯგუფები ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის ურთიერთობის დაძაბვას ცდილობენ, რასაც ვეწინააღმდეგები“, - განაცხადა აქტივისტმა.
სუს-ის შენობასთან დღეს იმყოფებოდა მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძეც, თუმცა რასთან დაკავშირებით მას არ უთქვამს. გიორგაძემ აღნიშნა, რომ სუს-ში დაბარებული არ არის და შენობაში არ შესულა. თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის გამოკითხვას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.
არსებული ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მარნეულის მერი ზაურ დარგალიც გამოიკითხა, თუმცა ის მედიის კითხვებს არ პასუხობს.
შეგახსენებთ, რომ რასობრივი შუღლის გაღვივებაზე სუს-მა გამოძიება 30 მაისს დაიწყო, ხოლო 25 მაისს "ალილო მარნეულის" ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა განცხადება, რომელიც ნარიმანოვის ძეგლის რეაბილიტაციას უკავშირდებოდა და ეს ფაქტი ნეგატიურ კონტექსტში იყო მოხსენიებული.
