მთავრობის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტსა და რესტორნებში დადგენილი წესებისა და სტანდარტების კონტროლი გამკაცრდება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ვითარების ოპერატიული მართვის რეჟიმს აძლიერებს.
„დღევანდელ სხდომაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, განიხილეს არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც ერთის წარმომავლობა უცნობია. ამ ეტაპზე ქვეყანაში ჯამურად, წყარო დაუდგენელია ინფიცირების 5 შემთხვევაში, რაც მნიშვნელოვნად ზრდის რისკებს და განსაკუთრებული სიფრთხილის საჭიროებას.
საბჭოს წევრებმა განიხილეს გაზრდილი მობილობის პირობებში რისკების მართვის მექანიზმები. ამ მიზნით, საბჭოს გადაწყვეტილებით, გამკაცრდება დადგენილი წესებისა და სტანდარტების კონტროლი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის რესტორნებსა თუ სარეკრეაციო სივრცეებში, ასევე - საზოგადოებრივ ტრანსპორტში. დარღვევების შემთხვევაში კი გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი ჯარიმები.
პრემიერ-მინისტრის დავალებით, შესაბამისი უწყებები ტესტირებების გაფართოებაზე მუშაობენ. მთავრობის დადგენილებით უახლოეს დღეებში განისაზღვრება იმ პირთა წრე, რომელთაც სავალდებულო PCR ტესტირება პერიოდულად ჩაუტარდებათ. მათ შორის, კოვიდ-19-ზე ლაბორატორიულ კვლევას დაექვემდებარებიან ის მოქალაქეებიც, რომლებიც ტემპერატურის, ხველის, სუნთქვის გაძნელებისა და სხვა რესპირაციული სიმპტომების გამოვლენისთანავე 112-ს ან ოჯახის ექიმს მიმართავენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 837 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 697 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 13 ადამიანი.
