ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები მატულობს, ინფიცირებულთა 10% მედპერსონალია და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, ამ ფონზე კი კოვიდმიმღები კლინიკების დირექტორები ერთმანეთს კოვიდ-დადებით თანამშრომლებს უთვლიან.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია მაკა სოლოღაშვილს სიცრუის გავრცელებაში სდებს ბრალს. სადაო მედიკოსებისთვის ის განცხადება გახდა, რომელიც ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯომარემ, სამი დღის წინ გააკეთა და თქვა, რომ მათი კლინიკა ერთადერთია ინფიცირებული თანამშრომლების გარეშე.
არაკორექტული და არასწორი - ამ სიტყვებით შეაფასა, მარინა ეზუგბაიამ ბოჭორიშვილის კლინიკის ერთ-ერთი ხელმძღვანელის განცხადება.
ბოჭორიშვილის კლინიკაში მარინა ეზუგბაიას ბრალდებებს აღარ პასუხობენ. განცხადება კი, რომელიც დაპირისპირების მიზეზი გახდა, კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა 9 მაისს გააკეთა, სპეციალურ ბრიფინგზე, სადაც საკუთარი საავადმყოფოს დაინფიცირებული მედპერსონალის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
ქვეყანაში დღითიდღე იზრდება დაინფიცირებული სამედიცინო პერსონალის რიცხვი. კოვიდ-19 რესპუბლიკური საავადმყოფოს კიდევ 2 ექთანს დაუდგინდა. ამ დროისათვის კლინიკის 6 თანამშრომელია კორონავირუსით დაინფიცირებული, თუმცა საავადმყოფოში კარანტინის გამოცხადება არ იგეგმება.
ზუსტი რაოდენობა, სამედიცინო სფეროს რამდენი წარმომადგენელია დაინფიცირებული, ამ დროისთვის უცნობია, სავარაუდოდ მათი რიცხვი 100 აჭარბებს.
რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი ბოჭორიშვილის კლინიკის 4 თანამშრომელს დაუდგინდა, ბოლო 24 საათში კი ქვეყანაში კოვიდ-19-ის 15 შეემთხვევა დაფიქსირდა. ეს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.