შერჩევითი სამართალი - ასე აფასებენ აქტივისტების დაჯარიმებას ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ამ ფორმით ხელისუფლება 20 ივნისს დაგეგმილი აქციისთვის ხელის შეშლას ცდილობს.
სამართალდამცველთა მხრიდან „სირცხვილიას“ წევრების დაჯარიმებას, ოპოზიციაში სადამსჯელო ღონისძიებად აფასებენ.
„ერთი წელი გადის იმ სისხლიანი დღიდან და ბუნებრივია ხვდებიან, რომ არავის არ დავიწყებია 20 ივნისი, თვალებდათხრილი ახალგაზრდები და არც ის დაზარალებულები, რომლებიც ათობით და ასობით იყვნენ იმ ღამეს. ტყუილად ცდილობენ, რომ აქტივისტების დევნით საპროტესტო მუხლი ჩაკლან. 20 ივნისი ყველას კარგად გვახსოვს და აუცილებლად გავახსენებთ ყველა იმ ნამოქმედარს ხელისუფლებას, რომელიც რუსთაველის გამზირზე ერთი წლის წინ ჩაიდინეს“, - განაცხდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ზაალ უდუმაშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით ხელისუფლება არაადეკვატური ქმედებებით ცდილობს საზოგადოებრივი პროტესტი ჩაახშოს და ამისათვის პოლიტიკურ იარაღად სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს იყენებს.
„შემაშფოთებელია, როგორ ძალადობს ხელისუფლება ამ ადამიანებზე. სამართლებრივი შეფასების მცდელობა ხელისუფლების საქმიანობის არის უბრალოდ აბსურდი. კარგად ვხედავთ შეშინებულ ხელისუფლებას, რომელსაც ეშინია საზოგადოებრივი პროტესტის და ამის საწინააღმდეგოდ საკუთარ პოლიტიკურ იარაღად იყენებს სამართალდამცავ ორგანოებს, თბილისის მერიის წარმომადგენლებს, რომლებიც აბსურდული გადაწყვეტილებებით ათასობით ლარით აჯარიმებენ ამ ადამიანებს. ასე საზოგადოების პროტესტის ჩახშობა და მისი განელება არ ხდება.
„გვახსოვს რა ჩაიდინეთ გასულ ზაფხულს“ - თბილისის ქუჩებში ამ სიტყვების დაწერისთვის სამოქალაქო აქტივისტები დააჯარიმეს. სამართალდამცველებმა აქტივისტთა ერთ ნაწილს წარწერების გაკეთების საშუალება არ მისცა, მეორეს კი დედაქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის ფულადი ჯარიმა დააკისრა.