გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პოლიციელები საკუთარ ბინაში ერთ-ერთ სპორტსმენსაც შეუცვივდნენ - ფაქტს ოპოზიციონერი ლიდერი ე.წ. ზონდერების მობილიზების კონტექსტში იხსენებს.
„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, „ფორმულას“ ეთერში გასული სიუჟეტის შინაარსი არის როგორც თორნიკე რიჟვაძის, ისე შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობა.
„ეს რომ მოხდარიყო ევროპაში და აშშ-ში, ეს ადამიანები წავიდოდნენ თანამდებობიდან, დაიწყებოდა გამოძიება. პროკურატურა მათი ჯიბეა და არაფერს იხილავს. ჩვენი ერთიანობა უნდა დავუპირისპიროთ ამათ. რიჟვაძის პასუხისმგებლობაა, შსს მინისტრის. თბილისში ერთერთ პიროვნებას, სპორტსმენს სახლში შეუვარდნენ, თითქოს იარაღი ჰქონდა, მაგრამ მალე მეზობლებს დაუძახა და ვერ მოახერხეს წამოკიდება - მან უბრალოდ არ ისურვა ამაზე საჯარო საუბარი", - ამბობს გიორგი ვაშაძე.
„რესპუბლიკურ პარტიაში“ კი აცხადებენ, რომ ეს საქმე არ უნდა დარჩეს გამოუძიებლად და პასუხი უნდა აგონ შესაბამისმა პირებმა.
„ხელისუფლებასთან თანამშრომლობის არ მსურველ ადამიანებზე იყენებენ ყველა მეთოდს , რომ არჩევნებში მათ მხარეს იყონ, ეს უსუსური გაფართხალებაა, რადგან ეს მოსყიდვა არ დარჩება პასუხგაუცემელი", - აცხადებს თამარ კორძაია.
„ეს პრაქტიკა კარგა ხანია, დაგეგმილია. ის გამოიყენებოდა წინა ხელისუფლების დროსაც და ამ არჩევნებით უნდა შევცვალოთ ეს სურათი", - ასე აფასებს ნინო ბურჯანაძე წინასაარჩევნოდ მმართველი ძალის მხრიდან ე.წ. ზონდერების გამოყენებას.
როგორც „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი განმარტავს, ზონდერებსა და მმართველი ძალის ყველა ქმედებას ოპოზიციამ ერთიანობა უნდა დაუპირისპიროს.
„ეს ოპოზიციური ერთობა უნდა შენარჩუნდეს არჩევნებამდე, რომ ვერავინ შეძლოს მოკრივეების და რესურსის ისე გამოყენება, რომ არჩევნებით მანიპულირება მოხდეს", - ამბობს ნინო ბურჯანაძე.
ამავე თემაზე: სახელმწიფო ხაზინიდან ჩარიცხული ფული და აჭარის მაღალჩინოსნების მიერ ორგანიზებული კონსპირაციული შეხვედრები პოლიციის მთავარ სამმართველოში. რას სთავაზობდნენ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის მამა და პოლიციის უფროსი, კონსტანტინე ანანიაშვილი, მოჭიდავეებს არჩევნებზე დახმარების სანაცვლოდ - დროების ექსკლუზივი.
