logo
ENG



31 დეკემბერს და პირველ იანვარს კლუბებს ღონისძიებების გამართვის ნებართვა მიეცათ

31 დეკ 202100:29
3 წუთის საკითხავი
 
31 დეკემბერს და პირველ იანვარს კლუბებს ღონისძიებების გამართვის ნებართვა მიეცათ

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 31 დეკემბერს და პირველ იანვარს ღამის კლუბებს სტუმართა შეზღუდული რაოდენობით და გამკაცრებული რეგულაციებით ღონისძიებების გამართვის ნებართვა მიეცათ.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, სექტორთან კონსულტაციების შედეგად, მიღწეულია შეთანხმება, რომ ღონისძიებებზე დაიშვება სტუმართა შეზღუდული რაოდენობა, გამკაცრებული რეგულაციებით, რაც გულისხმობს შემდეგს:

  • ღამის კლუბში დაიშვებიან სრულად ვაქცინირებული პირები;
  • პირები, რომელთაც გადაიტანეს კორონავირუსი;
  • აღნიშნულ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, სავალდებულოა 48-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა;
  • რეგულაციების აღსრულებას შესაბამისი უწყებები მკაცრად გააკონტროლებენ.

***

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭომ 22 დეკემბერს კლუბების გახსნის გადაწყვეტილება არ მიიღო. საბჭოს წარმომადგენელმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ მიზეზი ომიკრონის შტამის გავრცელებაა.

17 დეკემბერს შრომის ინსპექციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღამის კლუბებში ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის. მანამდე კი ცნობილი იყო, რომ ღამის კლუბები მუშაობას 17 დეკემბერს განაახლებდნენ.

22 დეკემბერს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობის წარმომადგენელმა, დავით ლეჟავამ ფორმულას ეთერში თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლების განცხადება წაიკითხა და თქვა, რომ კლუბები მუშაობას იმ პროტოკოლის მიხედვით გააგრძელებენ, რომელიც მათ შესაბამის უწყებებთან შეიმუშავეს.

23 დეკემბერს თბილისის სცენის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ წვეულებების გაუქმების მიზნით, შესაბამისმა უწყებებმა მეიჯარეებისგან მოითხოვეს, რომ თავად არ დაუშვან კლუბების გახსნა, "წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენებენ სადამსჯელო ღონისძიებებს".

კლუბები აცხადებენ, რომ ეს არის ცალსახად შანტაჟისა და მუქარის, დაშინებისა და რეპრესიის გზა, რომელიც ხელისუფლებამ აირჩია.

24 დეკემბერს კლუბი ბასიანი შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა, ბასიანის ერთერთმა დამფუძნებელმა ტატო გეთიამ ფორმულას უთხრა, რომ კლუბმა ჯარიმის ქვითარი და კლუბის დალუქვის დოკუმენტი არ ჩაიბარა.

რამდენიმე თვეა, საკლუბო ინდუსტრია გახსნასთან დაკავშირებით მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მძიმე ფინანსური პრობლემები აქვთ და გახსნა აუცილებელია. 


close დახურვა