პანდემიით დაზარალებული, შემოსავლის გარეშე დარჩენილი კერძო ბაღების წარმომადგენლები ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ - ბაღები უწყებისგან კონკრეტული რეკომენდაციების დროულად შემუშავებას და სააღმზრდელო პროცესის განახლებას აქციით ითხოვდნენ, თუმცა მათთან შესახვედრად სამინისტროდან არავინ გამოსულა.
როგორც აღმზრდელები აბობენ 3 თვეზე მეტია შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები. პრობლემები ექმნებათ მშობლებსაც, რომლებმაც დღემდე არ იციან როდის შეძლებენ ბავშვების ბაღში მიყვანას. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ უნდა მიიღოს.
ჯანდაცვის სამინისტროს წინ შეკრებილი კერძო ბაღების წარმომადგენლები კითხვებზე პასუხების გაცემას დღეს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსისგან, ბექა ფერაძისგან ელოდნენ. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა კერძო ბაღებისთვის კონკრეტული რეგულაციების შემუშავება და სააღმზრდელო პროცესის განახლება იყო.
კერძო ბაღების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მეიჯარეებთან არსებული ვალდებულებების გარდა, მათთვის ყველაზე დიდი პრობლემა უხელფასოდ დარჩენილი თანამშრომლები და ის მშობლები არიან, რომლებსაც ბავშვის ბაღში დატოვება დღეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, ბექა ფერაძე მასთან შეხვედრის მსურველ კერძო ბაღების წარმომადგენლებს არ შეხვდა და კომენტარი მათგან შორს, ჯანდაცვის სამინისტროს მერვე სართულზე გააკეთა.
ბექა ფერაძის პოზიციის გაგების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა ჯანდაცვის სამინისტროდან მთავრობის კანცელარიაში გადაინაცვლეს. საჭირო კითხვებზე პასუხი ვერც აქ მიიღეს. თუმცა, როგორც კანცელარიის ოპერატორმა მათ ტელეფონზე საუბრისას უთხრა, კომპტენეტური პირი კერძო ბაღების წარმომადგენლებს ორშაბათს პირადად შეხვდება.