
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება მმართველი გუნდის დამსახურება.
მან საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ცვლილებები ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„მინდა თითოეულ პარლამენტარს მივულოცო ეს შედეგი, ყველას, ვინც ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა მისცა. ვინც შეძლო ქვეყნის ინტერესები მის პირად, ეგოისტურ ინტერესებზე უფრო მაღლა დაეყენებინა. ეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ჩვენ გვაახლოებს უფრო პროპორციულ და საბოლოო ჯამში პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან, ჩემთვის პირადად ნიშნავს რამდენიმე სერიოზულ მიღწევას. ეს არის შეუბრუნებელი პროცესი, რომელზეც ქართული დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ელიტა 90 -იანი წლებიდან ოცნებობდა. ვერავინ ეს ვერ გააკეთა და ეს შეძლო „ქართულმა ოცნებამ“, რაც არ უნდა რთული ყოფილიყო, სახელისუფლებო გუნდმა მოახდინა სრული მობილიზება და გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების და რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციის და ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების შეუქცევადობის გამო", - განაცხადა გახარიამ.
დღეს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ევროპულ საქართველოსა და ნაციონალურ მოძრაობას - ოპოზიციური პარტიები ცვლილებების მხარდაჭერის წინაპირობად მთავარი არხის თანადამფუძნებლის, გიორგი რურუას, წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას ასახელებდნენ.
რურუა დღეს მიმდინარე სასამართლო პროცესზე პატიმრობაში დატოვეს.
ევროპულმა საქართველომ, ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებით, ცვლილებებს პირველ მოსმენაზე მხარი დაუჭირა. პარტიის ლიდერებმა თქვეს, რომ ამ გზით ხელისუფლებას რეფორმის მორიგ ჯერზე ჩაგდების შესაძლებლობას არ მისცემდნენ და 8 მარტის შეთანხმებას სრულად შესრულების პერსპექტივას შეუნარჩუნებდნენ. შემდგომ კენჭისყრებში პარტიას მონაწილეობა აღარ მიუღია.
ხელისუფლება შეთანხმების მეორე ნაწილის არსებობას დღემდე უარყოფს. თუმცა, ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლის ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი უკვე შეიწყალა. ოპოზიციის თქმით, მესამე პატიმარი, რომლის გათავისუფლებას შეთანხმება ითვალისწინებდა, გიორგი რურუაა.
ამ დრომდე მმართველ გუნდს არა ერთმა სენატორმა, ევროპარლამენტარმა და კონგრესმენმა მოუწოდა, რომ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და გიორგი რურუა გაათავისუფლონ საპატიმროდან.
მხარეებს შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებდნენ დიალოგის ფასილიტატორები.