ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას ფეისბუქ პოსტის გამო სანოტარო საქმიანობა შეუჩერეს. საია მზადაა შენგელიას იურიდიული დახმარება გაუწიოს. სულხან სალაძეს უკვე ქონდა პირველი კომუნიკაცია ბაჩანა შენგელიასთან.
სალაძის თქმით, შესაძლოა, შენგელიას სუს-ში დაბარება ბოლო პერიოდის ტენდენციის შემადგენელი ნაწილი იყოს.
„ჩვენ ბატონ ბაჩანასთან პირველი კომუნიკაცია გვქონდა და გამოვთქვით მზადყოფნა, რომ გავეცნოთ დოკუმენტებს. გვაქვს კითხვები, რომლებიც დაზუსტებას საჭიროებს. თავისთავად ის, რომ სოციალურ ქსელში პოსტის განთავსებას ან რაღაც ტიპის აქტივობას შეიძლება ასეთი ტიპის შედეგები მოჰყვეს, მგონია, რომ იმ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ - ადამიანების სუს-ში დაბარებები ფეისბუქის პოსტების გამო.
ჩვენთვის ორმაგად საინტერესოა ეს საკითხი. ერთი, წმინდა სამართლებრივი მხარე, ხოლო მეორე, არის თუ არა ეს იმ პროცესის ნაწილი, რასაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვხედავთ“, - განაცხადა სალაძემ.
რამდენიმე დღის წინ ბაჩანა შენგელიას სანოტარო საქმიანობის უფლება შეუზღუდეს. მაშინ უწყებამ წერილობით განმარტებაში მომხდარი დისციპლინური სამართალდარღვევით ახსნა და მიუთითა, რომ დარღვევა ბიუროში მის მაგიერ შემცვლელის ყოფნა იყო. დღეს კი შენგელიამ იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციისგან ოფიციალური შეტყობინება მიიღო, რომლითაც ირკვევა, რომ მას სანოტარო საქმიანობა Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტებისა და მისი აქტივობების გამო შეუჩერეს.