logo
ENG



თალაკვაძე საარჩევნო კანონზე: აშშ-ს საელჩოს განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ გაძლიერდა საკანონმდებლო რეგულაციები

03 ივლ 202014:11
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოს პარლამენტის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებათა პაკეტზე ამერიკის საელჩოსა და ევროკავშირის ელჩის განცხადებებს ეხმაურება და მათ დადებითად აფასებს.

თალაკვაძს თქმით, ამერიკის საელჩოს განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ გაძლიერდა საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც ამ საკითხს ეხება.

„ორივე განცხადება ნახეთ. განსაკუთრებით ამერიკის საელჩოს განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ გაძლიერდა საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც ამ საკითხს ეხება. ეს არის პირველი აბზაცის ბოლო ნაწილი. ნახეთ ევროკავშირის ელჩის, ბატონ ჰარცელის განცხადება, სადაც წერია საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების შერჩევასთან დაკავშირებული კრიტერიუმები შეიცვალა და დადებითად აფასებს ამ საკითხს“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღეს.

 საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს მხარი  94-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 1 დეპუტატი - ალექსანდრე ერქვანია, წინააღმდეგ წავიდა.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. მათ აღნიშნეს, რომ საარჩევნო ცვლილებები ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს არ ეყრდნობა.

ცვლილებათა პაკეტის მიღებას ამერიკის საელჩო გამოეხმაურა. განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონში ზოგიერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი ისევ რჩება. ცვლილებების მიღებას ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სასურველი იქნებოდა უფრო ამბიციური რეფორმების გატარება.

2020 წლის 29 ივნისს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებების კანონპროექტს მხარი დაუჭირა - შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მეტად დაახლოებული სისტემით, 120/30 პროპორციით ჩატარდება - 120 დეპუტატს ქვეყნის მოსახლეობა პროპორციული წესით აირჩევს 1%-იანი ბარიერით, 30-ს კი მაჟორიტარული წესით. მიღებულმა ცვლილებებმა რამდენიმე კანონში შესატანი შესწორებების საჭიროება წარმოშვა, კერძოდ იცვლება საარჩევნო კოდექსი, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონი, ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში, "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში.

კონკრეტულად რა ცვლილებებზეა საუბარი, წაიკითხეთ აქ.


close დახურვა