გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს მატროსოვის ციხეში ამოცნობის პროცედურა უნდა ჩატარდეს. გარდაცვლილი ფეხბურთელის მეგობარმა, გურამ ამირხანაშვილმა, რომელსაც სავარაუდოდ თავუსუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ბრალდებული არასრულწლოვანი უნდა ამოიცნოს.
როგორც არასრულწლოვანი ზ.ხ-ს ადვოკატი აცხადებს, ამოცნობის პროცედურა საეჭვოდ დაგვიანებულია, გარდა ამისა, ადვოკატები ამბობენ, რომ საქმის მოწმეები ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს იძლევიან.
„ჩატარდება ამოცნობის პროცედურა, რომლითაც ამირხანაშვილი, რომელიც ამბობს რომ მას თავისუფლება აღუკვეთეს, უნდა ამოიცნოს, ზ.ხ იმყოფებოდა თუ არა მანქანაში და იცნობს თუ არა მას. ბრალი საკმაოდ დიდი ხანია უკვე წარუდგინეს მას თავისუფლების აღკვეთით, თუმცა საუბარი იმაზე, რომ დღეს ტარდება მისი ამოცნობა, კიდევ ერთი კითხვის ნიშანია გამოძიების ხარისხთან მიმართებაში“,-აცხადებს გიორგი გელხაური.
რაც შეეხება კიდევ ერთ დაკავებულს, გიგა ტატიაშვილს, მისი ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულთა წრე შესაძლოა გაფართოვდეს და მას დაემატონ ის ადამიანები, როლებიც დაკითხულები არიან მოწმის სტატუსით. გიორგი ყიფშიძე ასევე ამბობს, რომ მანამ, სანამ სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნა არ იქნება, დასკვნების გამოტანა ნაადრევია. ადვოკატმა ასევე ისაუბრა შკოდის მარკის ავტომობილის ეპიზოდზე და აღნიშნა, რომ ეს შემთხვევა აქამდე უნდა გამოძიებულიყო.
„განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ შკოდის საკითხს, თუმცა მე მიმაჩნია, რომ ამ თემის აქტუალურობა გამოძების მხრიდან და ახლა დაკითხვა იმ ადამიანების, ვინც შკოდაში ისხდნენ, ვინც წაიყვანეს ბრეგვაძე, ეს არის მინიმუმ არაპროფესიონალური. ალბათ საზოგადოებრივი გამოძახილიდან გამომდინარე ჩაიდო ეს ჩვენებები, რეალურად ინტერესი გამოძიების თავშივე უნდა ყოფილიყო, რომ გარკვეულიყო, ვინ იყო ამ შკოდაში და რა მოქმედებები ჩატარდა შემდგომ. ჩემთვის მნიშვნელოვანია კვალიფიციური დასკვნა, მე ამ დასკვნებს ჯერ ვერ ვხედავ ვერც კერძო და ვერც სახელმწიფო ექსპერტიზისგან“,-ამბობს გიორგი ყიფშიძე.
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. 17-ვეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გარდა ამისა, უწყებამ შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოპოვებული ვიდეომასალა გაავრცელა, რომელშიც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.
დაკავებულთა შორის არიან მორაგბეები, ერთი მოჭიდავე და ერთი ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე, გიორგი შაქარაშვილის მეგობარი.
შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.
დაკავებული პირებიდან ბრალს არც ერთი არ აღიარებს. მათი ადვოკატები აცხადებენ, რომ ისინი უსაფუძვლო ბრალდებებით არიან დაკავებულები.
ფეხბურთელი 19 ივნისს გაუჩინარდა, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.
