არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI) კვლევას აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში გამოცხადებული ტენდერების მნიშვნელოვან ნაწილს „ქართული ოცნებისა“ და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველები იგებდნენ.
როგორც TI-ის კვლევაში ვკითხულობთ, შესწავლილია 21 ტენდერი - ორგანიზაცია სახელისუფლებო პარტიის შემომწირველებსა და მოგებულ კონტრაქტებს შორის კავშირზე მიუთითებს.
„ჩვენ მიერ შესწავლილი კონტრაქტებიდან გამოვლინდა, რომ ქართული ოცნების შემომწირველებთან დაკავშირებულმა 25-მა კომპანიამ საგანგებო მდგომარეობის დროს გამარტივებული შესყიდვის გზით ჯამში 45 მლნ ლარამდე ღირებულების 68 კონტრაქტი მიიღო, რაც აღნიშნულ პერიოდში პირდაპირი შესყიდვებით დახარჯული თანხის 35%-ია. აღნიშნული 25 კომპანიის მფლობელებმა 2016- 2020 წლებში ქართულ ოცნებას ჯამში 2.3 მლნ ლარზე მეტი შეწირეს", - ვკითხულობთ კვლევაში.
კვლევის თანახმად, არის ისეთი შესყიდვებიც, როცა მიმწოდებელს კონტრაქტი შემოწირულობის გაღებიდან რამდენიმე დღეში გაუფორმეს.
TI საუბრობს საჯარო უწყებებში გამჭვირვალობის პრობლემებზეც - გარკვეული სამსახურები გამარტივებული წესით გაფორმებული შესყიდვების კონტრაქტებს არ ასაჯაროვებს.
„მთავრობის ადმინისტრაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო (შსს) და შსს-ს დაქვემდებარებული ზოგიერთი უწყება გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებენ. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, პირდაპირი შესყიდვით მეტი თანხა იხარჯება, მაგრამ მათ შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალე არ არის, რაც ართულებს ანალიზს და კორუფციული რისკების კონტროლს. ეს პრობლემა საგანგებო მდგომარეობამდეც აქტუალური იყო", - წერია კვლევაში.
„გამჭვირვალობა საქართველოს“ ინფორმაციით, გამარტივებული შესყიდვის გზით ყველაზე მეტი თანხა - 24.4 მლნ. ლარი ჯანდაცვასთან დაკავშირებულ საქონელსა და მომსახურებაზე დაიხარჯა. შემდეგ მოდის სასტუმროების მომსახურების შეძენა 23.6 მლნ. ლარით.