ამ დრომდე არ არის ცნობილი კონკრეტული თარიღი, როდის შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ მოგზაურობას. ასევე უცნობია, რატომ მოუწევს სამშობლოში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეს 2-კვირიანი კარანტინის გავლა, სხვა ქვეყნის მოქალაქეებს კი - არა.
საკითხთან დაკავშირებით მედიის კითხვებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უპასუხა. მან აღნიშნა, რომ მოგზაურობის წესებთან დაკავშირებით საკითხი მუშავდება და დამატებითი ინფორმაცია საზოგადოებას მოგვიანებით მიეწოდება.
„რა თქმა უნდა, უპირობო გახსნა საზღვრის გარკვეულწილად რისკის მატარებელია, თუ ეს არ ემყარება იმ ქვეყნების ეპიდსიტუაციის საფუძვლიან ანალიზს, რომელთანაც საზღვრის გახსნაზე გვექნება საუბარი. სკრინინგი და თერმოსკრინინგიც რჩება აქ. ასევე, იქნება pcr ტესტირების შესაძლებლობა მაღალი რისკის მოგზაურებისთვის. ყველასთვის pcr ტესტის შეთავაზებას ვერც ერთი ქვეყანა ვერ ახერხებს. ეს წესი მუშავდება და როგორც კი იქნება დასრულებული, საზოგადოებისთვის გახდება ხელმისაწვდომი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვას და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველო საზღვარს უპირობოდ უხსნის. მათ მოქალაქეებს საქართველოში ვიზიტი საჰაერო გზით შეეძლებათ. ასევე, ცნობილი გახდა, რომ საქართველოში საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება.
გარდა ამისა, პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა დაასახელა ის ქვეყნებიც, რომლებიც საქართველოს საზღვრებს არ, ან კონკრეტული პირობებით უხსნიან.