logo
ENG



5 ქვეყანასთან ავიამიმოსვლა აღდგა - დისკრიმინაციულია თუ არა კარანტინი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის 

08 ივლ 202020:21
3 წუთის საკითხავი
 

მთავრობამ ევროპის 5 ქვეყანასთან ფრენები ისე აღადგინა, რომ ახლა სპეციალისტები და ოპოზიცია დაგვიანებულ, დისკრიმინაციულ და ანტიკონსტიტუციურ მიდგომებზე ალაპარაკდნენ. გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთიდან ვიზიტორებს შემოსვლა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე შეეძლებათ, ამავე ქვეყნებიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს კი კარანტინის გავლა მოუწევთ. 

ხელისუფლება საჰაერო მიმოსვლას ხსნის, მაგრამ მხოლოდ ჩარტერულს და რეგულარულს - არა. ხელისუფლების ოპონენტებისთვის ასევე გაუგებარია, რატომ შემოუშვებს საქართველო ტურისტებს პისიარ ტესტის გარეშე ისეთი ქვეყნებიდან, სადაც კოვიდ-19-ის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი იყო. მმართველ გუნდში კი კრიტიკის პასუხად ამბობენ, რომ ოპოზიცია ვირუსის მხარესა. 

ანტიკონსტიტუციურს და დისკრიმინაციულს უწოდებენ ოპოზიციაში მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ ე.წ. უსაფრთხო ქვეყნებიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები 14 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან. მათი განცხადებით, ხელისუფლება ფორმალურ შეზღუდვებს მხოლოდ იმიტომ ტოვებს, რომ მოქალაქეებს გადაადგილების უფლება შეუზღუდოს. ისინი ხელისუფლების გადაწყვეტილებას არასწორს და დაგვიანებულს უწოდებენ. ამბობენ, რომ ქვეყნების ჩამონათვალი უნდა გაფართოვდეს. 

თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვად აღიქვამენ ხელისუფლების ორმაგ მიდგომას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. სპეციალისტები ხელისუფლებისგან დამატებით განმარტებებს მოითხოვენ. 

ჩარტერულ რეისებს ამ დროისთვის მხოლოდ ჯორჯიან ეარვეისი ახორციელებს. დანიშნულ რეისებს შორის უკვე საზღვარ გახსნილი 5 ქვეყნიდან არცერთი არ არის. ფრენები ივლისში  ნიდერლანდებისა და ავსტრიის მიმართულებითაა დაგეგმილი. აგვისტოდან საქართველოში ოპერირებას ავიაკომპანია ლუფტჰანზა განაახლებს. კვირაში 2-ჯერ მიუნხენის მიმართულებით. საზღვარი 5 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ გახსნა, რაც ევროკავშირმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა.


close დახურვა