logo
ENG



ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე კაწროს გამოკითხვა დასრულდა

08 ივლ 202023:00
3 წუთის საკითხავი
 
podi42bdtlmnbqu.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროში ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროს" გამოკითხვა დასრულდა.

როგორც ავთანდილ ბილანიშვილის ადვოკატი თამარ აბესაძე აცხადებს, ბილანიშვილის შინაგან საქმეთა სამინისტროში ნიკა გვარამიას ჩვენების გამო იყო დაბარებული.

მისივე განცხადებით, გუშინ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ავთანდილ ბილანიშვილი არ მონაწილეობს.

"რა თქმა უნდა, საქმე შსს-ს ჰქონდა შესწავლილი.ავთანდილ ბილანიშვილი გამოკითხვაზე იმიტომ დაიბარეს, რომ ნიკა გვარამიამ თქვა ასე", - განაცხადა თამარ აბესაძემ.

გამოძიება გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბილანიშვილით მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ტელეკომპანიამ ფორმულა და მთავარმა არხმა ამ დრომდე უცნობი ჩანაწერები გაავრცელეს. გაშიფრულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ "ტოიტადან" გადმოსულ გურამ ამირხანაშვილს დიდუბეში თეთრ პერანგში ჩაცმული კაცი ხვდება, რომელსაც რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება. 

მთავარი არხის ინფორმაციით, კაცი ვიდეოში სავარაუდოდ, სწორედ ე.წ. კანონიერი ქურდის აკაკი ბილანიშვილის შვილი, ავთანდილ ბილანიშვილია, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ბერა ივანიშვილთან და მაღალი რანგის ძალოვანებთან დაახლოებული პირია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბილანიშვილი კადრებში იდენტიფიცირებული არ არის და ის საგამოძიებო უწყებაში მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიბარეს. 

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. 17-ვეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

გარდა ამისა, უწყებამ შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოპოვებული ვიდეომასალა გაავრცელა, რომელშიც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი  რამდენიმე ინციდენტია ასახული. 

დაკავებულთა შორის არიან მორაგბეები, ერთი მოჭიდავე და ერთი ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე, გიორგი შაქარაშვილის მეგობარი. 

შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

დაკავებული პირებიდან ბრალს არც ერთი არ აღიარებს. მათი ადვოკატები აცხადებენ, რომ ისინი უსაფუძვლო ბრალდებებით არიან დაკავებულები.

ფეხბურთელი 19 ივნისს გაუჩინარდა, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.


close დახურვა