logo
ENG



ხოშტარია: რუსეთი ზოგადად ადამიანებს აწამებს, აქ მთავარი შეკითხვაა იქცევა თუ არა ხელისუფლება სწორად

15 ივლ 202017:49
3 წუთის საკითხავი
 

ოკუპანტების ტყვეობაში მყოფ ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით  ერგნეთში სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს.

ორგანიზატორების თქმით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცებას აღარ სჯერდებიან და უკვე შეიარაღებულ თავდასხმაზე გადმოდიან. ამის ნათელ მაგალითად კი 11 ივლისის ოკუპანტების მხრიდან კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძის დაკავებას და ცეცხლსასროლი იარაღიდან მის დაჭრას ასახელებენ.

აქციაზე იმყოფებოდა ევროპული საქართველოს წევრი, ელენე ხოშტარია, რომელმაც განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის თუ როგორი რეაგირება ექნება ფაქტზე საქართველოს ხელისუფლებას.

მისი თქმით, ადგილზე შესაძლებელია ელჩების ჩამოყვანაც და პროცესებში წითელი ჯვრის აქტიურად ჩართვაც, თუმცა ხელისუფლება ამას არ აკეთებს.

„რუსეთი ამას სულ აკეთებდა, რუსეთი ზოგადად ადამიანებს ესე ეპყრობა, აწამებს, კლავს მაგრამ აქ მთავარი შეკითხვა არის იქცევა თუ არა სწორად ჩვენი ხელისუფლება რეაგირების დროს.

არ შეიძლება, რომ ქართული ოცნების წარმომადგენელი იძახდეს, რომ ასეთი რაღაცები ხდება. ფაქტიურად იძახდეს, რომ ეს არის ნორმა და ჩვენ ამას ვეგუებით.

აქ ელჩების ჩამოყვანაც შეიძლება, როგორც გუგუთიანთკარში მოხდა, თავადაც უნდა ჩამოვიდნენ, ხმამაღლა უნდა ისაუბრონ ამაზე, მათ შორის წითელ ჯვართან უნდა იყოს მჭიდრო კომუნიკაცია.

რეაქცია უნდა იყოს ღირსეული და ეფექტური მოქმედება სახელმწიფოსი, რომელსაც სამწუხაროდ ვერ ვხედავთ“,-აცხადებს ელენე ხოშტარია.

შეგახსენებთ, ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა 11 ივლისს გაიტაცეს, 

დე ფაქტო საინფორმაციო საშუალებებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომლის თანახმადაც ზაზა გახელაძე დაჭრილია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ოკუპანტების მიერ დატყვევებული ზაზა გახელაძის ოჯახში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ჩავიდა. ომბუდსმენის თქმით, სახელმწიფოს, ამ ეტაპისთვის, მსგავს შემთხვევებზე ეფექტური რეაგირების მექანიზმი არ გააჩნია.

უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი კი სახალხო დამცველის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სახელმწიფო ოკუპირებულ რეგიონებში მოქალაქეების უფლებების დასაცავად ყველაფერს აკეთებს.

ვოლსკიმ ასევე განაცხადა, რომ ოკუპაცია სწორედ ასეთ კანონდარღვევებს გულისხმობს და თუკი სახალხო დამცველს აქვს რაიმე კონკრეტული შეთავაზება, უნდა გააჟღეროს ის.

„ზოგს დაიჭერენ, ზოგს ფეხში დაჭრიან - ეგაა ოკუპაცია. რა გგონიათ ოკუპაცია, რომ კარგია? რას მკითხავ?

სახალხო დამცველმა ძალიან კარგად იცის, რომ ოკუპაციასთან ბრძოლის ბერკეტი ორია - დიპლომატიური ასპარეზი, სადაც ყველაფერი კეთდება და მეორე არის შეიარაღებული თავდაცვა. იქნებ მას გამოცდილება და პროფილი გააჩნია სახალხო დამცველს.

ბრტყელი განცხადებების კეთება პოლიტიკური პლატფორმიდან ადვილია - სახელმწიფოს არ უნდა აკრიტიკებდე ისეთ რამეზე, რაც ზუსტად იცი, რომ კეთდება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.


close დახურვა