logo
ENG



პრეზიდენტი რურუაზე: ამ პიროვნებას არ შევიწყალებ

31 ივლ 202019:22
3 წუთის საკითხავი
 
6czbvsf13brp7kr.png

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „მთავარი არხის“ მეწილის გიორგი რურუას შეწყალებაზე უარს ამბობს.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, 3 თვის წინ მან შეიწყალა "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა და "გამარჯვებული საქართველოს" დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი, თუმცა პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მან ქვეყნის სტაბილურობისთვის მიიღო. ზურაბიშვილი ამბობს, რომ გიორგი რურუას შემთხვევაში ანალოგიურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. 

"3 თვის წინ მივიღე ჩემთვის ძალიან რთული და საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება და შევიწყალე 2 ადამიანი. ეს ადამიანები იყვნენ, მათი პრეტენზიის მიუხედავად არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ დამნაშავეები და შევიწყალე როგორც დამნაშავეები. არც მაშინ და არც ახლა პოლიტპატიმრები არ არიან. თუმცა ეს ურთულესი გადაწყვეტილება მივიღე ქვეყნის ინტერესებიდან და სტაბილურობიდან გამომდინარე. ჩავთვალე მე პირადად, რომ ეს ნაბიჯი გზას გაუხსნიდა საკონსტიტუციო ცვლილეებს, საარჩევნო კოდექსის რეფორმას, ანუ იმას რაც მიგვიყვანდა სამართლიან და მშვიდობიან არჩევნებამდე და დესტაბილიზაციის საშუალებას არ მისცემდა იმ ძალებს, რომლებსაც არც არჩევნები სურთ და არც ქვეყნის წარმატება. დღეს არ გავიმეორებ ამ გადაწყვეტილებას. მე ამ პიროვნებას არ შევიწყალებ", - ამბობს ზურაბიშვილი.

პრეზიდენტის თქმით, მის გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერაფერი იქონიებს. 

"ჩემზე კიდევ უფრო კარგად, ქართულმა საზოგადოებამ იცის ყველაფერი მის შესახებ და იცის რატომ არ მივიღებ ამ შეწყალების გადაწყვეტილებას. ასევე იცის, რომ ჩემს გადაწყვეტილებაზე ვერავინ და ვერაფერი მოახდენს გავლენას. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დაიწყოს მზადება არჩევნებისთვის, რათა ამ არჩევნებით კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ ქვეყნის ურყევი გზა დემოკრატიისკენ", - განაცხადა ზურაბიშვილმა. 

30 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა თქვა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა უნდა შეიწყალოს. 

ზურაბიშვილს რურუას შეწყალებისკენ მოუწოდა ევროპარლამენტარმა ანნა ფოტიგამაც.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსმა თქვა, რომ საქართველოში სასამართლოს პოლიტიზირება გრძელდება და დაინტერესდა, დაიცავს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი 8 მარტის შეთანხმებას.

 

 

 


close დახურვა