logo
ENG



ვანდალიზმი - თურქეთში მდებარე სუმელას მონასტერში უცნობმა პირებმა ფრესკები დააზიანეს

08 აგვ 202011:48
3 წუთის საკითხავი
clock 4202
s4eykzzgpwhi73g.jpeg

თურქული მედიის ცნობით, ტრაპზონში არსებულ მე-4 საუკუნის სუმელას მონასტერში უცნობმა პირებმა ისტორიული ფრესკები დააზიანეს. ვანდალიზმი მაშინ მოხდა, როდესაც მონასტერი სარესტავრაციო სამუშაოებისთვის იყო დახურული. 

მედია იტყობინება, რომ ისტორიულ ფრესკებზე ავთენთიკური წარწერები წაშლილია, მათი უმეტესობის ზედაპირზე კი გაურკვეველი წარწერებია გაკეთებული. ვანდალებმა მხოლოდ ის ფრესკები ვერ დააზიანეს, რომლებიც ტაძრის ჭერზეა განთავსებული. 

დაზიანებული ფრესკების ამსახველი ფოტომასალა მედიაში მას შემდეგ გავრცელდა, რაც სუმელას ტაძარი 28 ივნისს ვიზიტორებისთვის მუზეუმის სახით გაიხსნა. 

თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მუზეუმებისა და კულტურული მემკვიდრეობის განყოფილების გენერალური დირექტორის მოადგილე იაჰია ჩოსკუნი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ფრესკებზე არსებული დაზიანებები ძველია. 

სავარაუდოდ, სიმართლე 15 აგვისტოს გახდება ცნობილი, როდესაც მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი მონასტერში ღვთისმშობლის მიძინების მარხვისთვის ღვთისმსახურებას აღასრულებს. 

თურქეთმა მსოფლიო პატრიარქს სუმელას მონასტერში ღვთისმსახურების ჩატარების უფლება 2010 წლის ივნისში მიანიჭა. მას შემდეგ, მსოფლიო პატრიარქი მონასტერში ღვთისმსახურებას ყოველი წლის 15 აგვისტოს აღასრულებს. 

სუმელას მონასტერი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა საცდელ ნუსხაშია შეტანილი.  

 

 


close დახურვა