თეთრიწყაროს მოსახლეობა მანგანუმის უკანონო მოპოვებას აპროტესტებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ძვირადღირებული წიაღისეულის უკანონო გატანის უკან რეჟისორ გოგა ხაინდრავას ინტერესებია.
ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ხაინდრავა ფორმულანიუსის კითხვებს აგრესიით ხვდება და ბრალდებებზე არაფერს ამბობს. ადგილობრივები საკუთარი ძალებით, მესამე დღეა, ცდილობენ, გასატანად გამზადებული მანგანუმი და მწვანე საფარი განადგურებისგან დაიცვან.
როგორც აბალიანის მცხოვრებლები ამბობენ, მათი საპროტესტო მუხტის შეკავებას, უცნობი პირები მუქარით და შანტაჟით ცდილობენ.
ადგილობრივებმა სამუშაოების ჩასატარებლად მისული, უცნობი პირებისგან ოფიციალური ნებართვა მაშინვე მოითხოვეს, თუმცა მათ ამ დრომდე არანაირი დოკუმენტი არ წარუდგენიათ. ვინ გასცა ნებართვა მანგანუმის სამუშაოებზე - ამაზე ადგილობრივებს კამერების წინ საუბარი უჭირთ, თუმცა სოფელში ყველამ იცის, რომ ქართულ ოცნებასთან დაახლოებულმა რეჟისორმა აბლიანში 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი იყიდა და მანგანუმის მოპოვების სამუშაოები უკანონოდ დაიწყო.
ვინ ცდილობს მანგანუმის მოპოვებას სოფელ აბალიანში - ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ თეთრიწყაროს მერიის თანამშრომლებს. სოფლის რწმუნებულმა მერიაში სამუშაოების ჩამტარებელი ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია 4 დღის წინ ითხოვა, თუმცა უწყებაში მხოლოდ დღეს განუცხადეს, რომ აღნიშნულის შესახებ მათ არაფერი იციან.
აბალიანში მანგანუმის მოპოვება, რომ უკანონოდ ხდება ამას ადასტურებენ წიაღის ეროვნულ სააგენტოშიც. ფორმულა ნიუსს უწყებაში განუცხადეს, რომ ამ ტერიტორიაზე მათ არანაირი სამუშაოების წარმოების ნებართვა არ გაუციათ და მომხდარზე რეაგირება გარემოს ზედამხედველობის სამსახურმა უნდა მოახდინოს. ამ დრომდე უცნობია, მოახდინა თუ არა შესაბამისი რეაგირება ტერიტორიაზე არა ერთხელ მისულმა ზედამხედველობის სამსახურმა.