logo
ENG



ხაინდრავას მტკიცებით, "ბულინგის" შემდეგ, მისი პროექტის დაფინანსება შეაჩერეს

21 აგვ 202016:27
3 წუთის საკითხავი
 
ხაინდრავას მტკიცებით, "ბულინგის" შემდეგ, მისი პროექტის დაფინანსება შეაჩერეს

რეჟისორი გოგა ხაინდრავა უარყოფს ინფორმაციას, რომ აფხაზებზე ფილმის გადასაღებად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ მისი პროექტი 100 000 ლარით დააფინანსა.

ამასთან, ხაინდრავას თქმით, გარკვეული თანხის მოსაპოვებლად მან აფხაზეთის მთავრობას მართლაც მიმართა.

ამის შესახებ რეჟისორმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

როგორც რეჟისორი ამბობს, პროექტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს სპეციალური კომისია განიხილავდა, თუმცა, მისივე მტკიცებით, მედიის მხრიდან ბულინგის შემდეგ, ავტონომიურმა მთავრობამ პროექტის შეჩერება გადაწყვიტა. 

"დაახლოებით ერთი წლის წინ ჩვენ სტუდიაში დავიწყეთ მუშაობა, დავუკავშირდით ჩვენს კოლეგებს აფხაზეთში, ისტორიკოსებს, მოვიძიეთ უამრავი მასალები, სადაც აღწერილია ის ბარბაროსობა, რომელიც რუსებს აქვთ განხორციელებული კავკასიაში და კონკრეტულად, აფხაზეთში. ეს პროექტი ჩაფიქრებულია და ხორციელდება ორივე მხარის მიერ. ამას მოჰყვა ძალიან მკვეთრი რეაქცია აქაც და აფხაზეთშიც. იქაური რეაქცია გასაგებია - მთლიანად კონტროლდება ФСБ-ს მიერ, საქართველოში ამას სათავეში ედგა ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი, ტელევიზია - მთავარი და ფორმულა. აბსოლუტური სიცრუეა, თითქოს ჩვენ 100 000 ლარი გამოგვიყვეს და ჩვენ ეს თანხა ავიღეთ. ეს არის სრული სიცრუე. თუ ვინმესთვის ეს ფილმი საფრთხეს წარმოადგენდა, ეს მხოლოდ რუსეთია", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ. 

ცნობისთვის, რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განკარგულება, რომლის თანახმადაც, პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ხაინდრავას კომპანიის მიერ დოკუმენტური ფილმის გადაღებას, გამარტივებული შესყიდვით დაფინანსდა. 

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის ბრძანებაში წერია, რომ ავტონომიურმა რესპუბლიკამ ნებართვის მისაღებად შესყიდვების სააგენტოს მიმართა და დოკუმენტაციას თან ხაინდრავას კომპანიისგან მიღებული ინვოისის ასლიც დაურთო. 

თუმცა თავად აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურში ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ამ პროექტს და საჯაროდ გამოქვეყნებულ შესაბამის განკარგულებას "გაუგებრობა" უწოდეს და რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ წელს გოგა ხაინდრავას კომპანია ფილმის გადაღების შეკვეთას არ მიიღებს.


close დახურვა