პარტია გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ბორჯომში 7 ოპოზიციური პარტიის შეხვედრისას პარტიები ეკონომიკურ რეფორმებზე შეთანხმდნენ.
როგორც ჯაფარიძე აცხადებს, 2024 წლისთვის მთავრობის მასშტაბები უნდა შემცირდეს და კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუტები სახელმწიფო რეგულირებისგან უნდა განთავისუფლდნენ.
"შეთანხმებას მივაღწიეთ ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებით, სადაც ორი პრინციპული საკითხია. ერთი, სახელმწიფოს ხელში არსებული ქონების მოქალაქეებისთვის დაბრუნება და უფასოდ გადანაწილებაა, მეორე, მთავრობის ხარჯებისა და ბიუროკრატიის შემცირება, მთავრობის ზომის დაყვანა 4 წლის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტის 20%-მდე და მესამე, ეს არის კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუტების განთავისუფლება სახელმწიფო რეგულირებისგან, რომელიც არის განათლების ნაწილი", - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
ასევე ჯაფარიძის თქმით, ეკონომიკურ საკითხებზე ოპოზიციური პარტიების მხრიდან პრინციპული შეთანხმება უკვე არსებობს, თუმცა ზოგიერთ პარტიას შიდაპარტიული კონსულტაციები სჭირდებოდათ, რისთვისაც გარკვეული დრო ითხოვეს.
"პრინციპული შეთანხმება არსებობს, რამდენიმე პარტია უკვე ამ შეხვედრის შემდეგ მზად იყო, რომ ხელი მოეწერა, მათ შორის იყო გირჩიც, თუმცა რამდენიმე პარტიას სჭირდება შიდაპარტიული კონსულტაციები და ამისთვის ითხოვეს დრო, რომ საბოლოო ჯამში რაღაც ტექსტზე შეჯერება მოხდეს",-ამბობს ჯაფარიძე.
ბორჯომში 7 ოპოზიციური პარტიის შეხვედრა გაიმართა. პოლიტიკურმა პარტიებმა საერთო გეგმებსა და საარჩევნო პროგრამაზე იმსჯელეს.