დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან 796 ადამიანი განიკურნა.
გამოჯანმრთელებულების შესახებ მონაცემები stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა ახალ პროტოკოლს უკავშირდება. პროტოკოლის თანახმად, პაციენტისთვის გამოჯანმრთელებულის სტატუსის მინიჭება არა ორი, არამედ ერთი pcr ტესტის საფუძველზე ხდება.
"გუშინ ჯანდაცვის სამინისტრომ იმსჯელა და მიიღო ახალი პროტოკოლი, რომელიც შეეხება გამოჯანმრთელების სტატუსის მინიჭებას განმეორებითი pcr ტესტირების გარეშე. წარსულში გვქონდა ორი თანმიმდევრული ტესტირება და ორი უარყოფითი პასუხი იყო გამოჯანმრთელების სტატუსისთვის აუცილებელი, თუმცა თანამედროვე რეკომენდაციები შეიცვალა და დღევანდელი მდგომარეობით უკვე 10 დღის შემდეგ, მე-11 დღეს უსიმპტომო პირს ენიჭება გამოჯანმრთელებულის სტატუსი", - განაცხადა გაბუნიამ.
ქვეყანაში დღეს COVID-19-ის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 6 192 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 3120 გამოჯანმრთელდა, 37 კი დაიღუპა. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5 445 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836. 1000 ადამიანი კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს.
NCDC-ს ცნობით, გუშინ, 29 სექტემბერს, ქვეყანაში 8 352 PCR ტესტი ჩატარდა.