logo
ENG



ჯაღმაიძე ოცნების წარდგენაზე იერარქების დასწრებაზე: თუ ცუდები ვართ, რატომ გადარდებთ?

30 სექ 202014:27
3 წუთის საკითხავი
 
5k70nniwqckteea.jpg

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ წინასაარჩევნო კამპანიაში მღვდელმთავრების მონაწილეობის თაობაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ თუ ვინმეს პირადი სიმპათიები აქვს, ღონისძიებაზე დასწრების უფლება უნდა მიეცეთ.

ჯაღმაიძის თქმით, ეკლესიის პოზიციაა, რომ ოპოზიციამაც და სახელისუფლებო გუნდმაც ქვეყნის საკეთილდღეოდ ერთობლივად უნდა იმუშაონ.

"მგონია, რომ ეს არის ძალიან სპეკულაციური თემა. ისეთი ღრმა და ძველი რეფლექსია სახელმწიფოებრიობისა, როგორიც ეკლესიას აქვს, არც ერთ პარტიას არ გააჩნია. ვიღაცას თუ პირადი სიმპათიები აქვს, მივცეთ ამის უფლება. დავაკვირდი და ის ტელევიზიები სვამენ ამ კითხვებს, ვინც ყველაზე მეტად ლანძღავს ეკლესიას და მკვლელებს გვეძახიან. თუ ასეთი ცუდები ვართ, რატომ გადარდებთ ჩვენი იქ ყოფნა?", – განმარტა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი 19 სექტემბერს, ვანში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის წარდგენას ესწრებოდა. 

ფოტო, რომელშიც სასულიერო პირი ჩანს, თავად მმართველმა პარტიამ გაავრცელა.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ქართული ოცნების მიერ ჩატარებულ პოლიტიკურ ღონისძიებებს სასულიერო პირები ესწრებიან. 

მმართველი გუნდის საარჩევნო ღონისძიებებს სხვადასხვა რეგიონში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი ეპარქიის წინამძღვრები პერმანენტულად ესწრებიან.

სამართლიანი არჩევნების შეფასებით, მმართველი პარტიის ღონისძიებებზე სასულიერო იერარქების დასწრება ეკლესიის მიერ "ქართული ოცნების" მხარდაჭერის განცდას ქმნის. ISFED -მა მოუწოდა სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისაგან.


close დახურვა