logo
ENG



ლომჯარია "ძალა ერთობაშიას" აქციაზე: სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ხალხის სიცოცხლე

17 ოქტ 202010:06
3 წუთის საკითხავი
clock 1525

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში ძალა ერთობაშიას მიერ ბათუმში გამართულ აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ პრეზენტაციის ორგანიზატორების მხრიდან ეს არის უკიდურესი უპასუხისმგებლობის გამოვლინება და საზოგადოების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენება.

ამავდროულად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას ადამიანების სიცოცხლე. ომბუდსმენის აზრით, უნდა მოხდეს როგორც დადგენილი რეკომენდაციების ზედმიწევნით აღსრულების უზრუნველყოფა, ასევე უსაფრთხოების ახალი წესების შემოღება. 

ნინო ლომჯარია ლაპარაკობს არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებასთან დაკავშირებულ რისკებზეც. 

"ბოლო დღეებში ხშირად ისმის კითხვები, რამდენად უნდა ჩატარდეს არჩევნები დამძიმებული პანდემიური სიტუაციის ფონზე. ვრისკავთ თუ არა საზოგადოებრივ ჯანმრთელობას და ადამიანების სიცოცხლეს არჩევნების კონსტიტუციურ ვადებში ჩატარების გამო?  თუ საერთაშორისო პრაქტიკას გადავხედავთ, დემოკრატიულმა ქვეყნებმა არჩევნები ძირითადად მარტისა და აპრილის თვეებში გადადეს, ვინაიდან შემოღებული აკრძალვების ფონზე კამპანიის სრულფასოვნად ჩატარება შეუძლებელი იყო, ასევე, არჩევნების დღე შეიცავდა მაღალ რისკს დაავადების გავრცელების თვალსაზრისით (მაგ. დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, იტალია)", - წერს ლომჯარია.

ომბუდსმენის აზრით, საქართველოში არ არსებობს ხმის დისტანციურად მიცემის შესაძლებლობები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საარჩევნო უბნის შესასვლელებთან გადატვირთულობა, რაც შექმნის მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსის გავრცელების მაღალ რისკს და ამომრჩევლის პასიურობის შემთხვევაში, გამოცხადების დაბალი მაჩვენებელი.

"ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველისთვის, წუხილის საგანს წარმოადგენს ის, რომ მოქალაქეებმა შეიძლება უარი თქვან არჩევნებში მონაწილეობაზე საკუთარი თუ ოჯახების წევრების ჯანმრთელობის გამო, რაც თავის მხრივ, საზოგადოების ცალკეული ფენების საარჩევნო უფლების შეზღუდვის და, შესაბამისად, მათი არათანაბარი მონაწილეობის საფრთხეს ქმნის.

რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიას, იმ ვითარებაში, როდესაც გავრცელების კრიტიკულ მასშტაბს მიღწეულ რეგიონში (მაგალითად, ბათუმში) შესაძლებელია უპირბადოდ, დისტანციის დაუცველად შეიკრიბოს ათასობით ადამიანი, მიმაჩნია, რომ, პირველი - ორგანიზატორების მხრიდან ეს არის უკიდურესი უპასუხისმგებლობის გამოვლინება და საზოგადოების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენება; მეორე - საარჩევნო პერიოდში მოქმედი რეგულაციები ვერ უზრუნველყოფენ ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების დაცვას", - აღნიშნავს სახალხო დამცველი.

ლომჯარიას თქმით, ქვეყანაში დღეს არსებულ ვითარებაში არჩევნების ჩატარებით საზოგადოება სიცოცხლის უფლების დარღვევის რისკის წინაშე დგას.

"დაბალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის, სამედიცინო სექტორში არსებული რთული ვითარების, არასაკმარისი რეგულაციების და მათ აღსრულებაზე არასათანადო კონტროლის ფონზე, რაც დღეს სახეზე გვაქვს, ვფიქრობ, რომ სიცოცხლის უფლების დარღვევის რისკის წინაშე ვართ. ფაქტია, ამ საკითხებზე მეტი კვალიფიციური და პოლიტიკური მოტივაციებისგან დაცლილი მსჯელობაა საჭირო და შეიძლება მძიმე და არაპოპულარული გადაწყვეტილებებიც არის მისაღები", - აცხადებს ომბუდსმენი.

ბათუმში ძალა ერთობაშიას ღონისძიება ჩატარდა. პარტიის ლიდერებმა ამომრჩევლებთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართეს

ღონისძიებას ასობით ადამიანი დაესწრო. როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, აქციის მონაწილეების ნაწილს პირბადე არ უკეთია, რიგ შემთხვევებში დაცული არ არის სოციალური დისტანციაც. 

პარალელურად, საქართველოში, ბოლო რამდენიმე დღეა, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 800-დან 1000-მდე მერყეობს. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ვირუსი 16 285-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 128 ადამიანი გარდაიცვალა. 

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული. 


close დახურვა