logo
ENG



აუდიტის სამსახური: "პატრიოტების" დაფინანსების საქმეზე განმარტებებისთვის 12 პირი მოვიწვიეთ

24 ოქტ 202013:51
3 წუთის საკითხავი
clock 1057
ee77ylxugjtdvl1.jpg

სახელმწიფო აუდიტის სამსახური პატრიოტთა ალიანსის შემომწირველი პირების შემოსავლებს შეისწავლის. უწყების ცნობით, აღნიშნულის საჭიროება საქართველოს გენერალური პროკურატურიდან შემოსული მასალების, ასევე მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გახდა. საუბარია საქართველოს პატრიოტთა ალიანსის დაფინანსებისას შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებზე.

უწყება აცხადებს, რომ დამატებითი განმარტებებისთვის მათ 12 პირი მოიწვიეს.

"სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, თავისი მანდატის და კომპეტენციის ფარგლებში, დაიწყო მპგ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“-ს სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულებების კანონიერების შესწავლა... სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, სასამართლოს ბრძანების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილია ინფორმაცია მპგ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“-ს შემომწირველი პირების შემოსავლების შესახებ. ასევე გამოთხოვილია ინფორმაცია საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკებიდან შემომწირველი პირების შემოსავლებისა და ფინანსური მდგომარეობის შესახებ. შემოსავლების დასაბუთების მიზნით გასაუბრებაზე დამატებითი განმარტებებისთვის მოწვეულ იქნა 12 პირი, თუმცა შეტყობინების ჩაუბარებლობის გამო, დღევანდელი მდგომარეობით, გამოცხადდა მხოლოდ 2 შემომწირველი",- ნათქვამია განცხადებაში. 

რუსი ოპოზიციონერის და ბიზნესმენის, მიხაილ ხადარკოვსკის ორგანიზაცია დოსიემ მიმდინარე წლის აგვისტოში გამოძება გამოაქვეყნა, რომელიც პატრიოტთა ალიანსის დაფინანსებას და რუსულ კავშირებს ეხება. გამოძიებიდან ირკვევა, რომ პრურუსულ პარტიას საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში კრემლთან დაახლოებული პირები ეხმარებიან, რომლებსაც, თავის მხრივ, რუსული სპეცსამსახურების მაღალი თანამდებობის პირები აკონტროლებენ. 

გამოძიების მეორე ნაწილში, რომელიც 31 აგვისტოს გამოქვეყნდა, ლაპარაკია პარტიის ლიდერების აფხაზეთში ვიზიტზე, საარჩევნო კლიპებსა და არჩევნებამდე დაგეგმილ აქტივობებზე.

დოსიეს მიხედვით, ირმა ინაშვილის პარტიამ რუსეთიდან ჯამში 8 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება მიიღო.

პატრიოტთა ალიანსის დაფინანსების გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას ევროპულმა საქართველომ მიმართა, თუმცა, უწყებამ გამოძიება არ დაიწყო და საქმის მასალები შესწავლისთვის აუდიტის სამსახურს გადასცა.

პატრიოტთა ალიანსის შემომწირველთა შესწავლის გარდა, აუდიტის სამსახურმა ასევე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – დავასრულოთ მიერ თავის ფეისბუქგვერდებზე გაშვებული პოლიტიკური რეკლამის შემცველი ფასიანი ვიდეორგოლების განთავსებისა და ამით შესაძლო აკრძალული შემოწირულების განხორციელების ფაქტის შესწავლაც დაიწყო.


close დახურვა