logo

ფორმულას, სავარაუდოდ, ბადრი ესებუას ქუჩაში გადაადგილების კადრები მიაწოდეს

29 ოქტ 202012:06
3 წუთის საკითხავი
clock 21 clock 5562

ფორმულანიუსს საგამოძიებო უწყებიდან კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა, სავარაუდოდ, ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუას ქუჩაში გადაადგილების კადრები. ვიდეომასალაში ჩანს, როგორ გადაადგილება ესებუა კონკრეტულ ტერიტორიაზე. წყარო ამბობს, რომ კადრები თავდასხმის შემდეგ არის გადაღებული. ვიდეოში არ ჩანს, თუ რომელ ქალაქშია იგი, თუმცა ერთ-ერთ კადრში ვხედავთ, რომ მას ხელში ნივთები უჭირავს და ითვლის. 

მოგვიანებით ბადრი ესებუას მამამ, ტარიელ ესებუამ ჟურნალისტებს ტანსაცმელი გამოუტანა, რომელიც მისივე თქმით, გავრცელებულ ვიდეოში მის შვილს აცვია. მამის მტკიცებით, კადრები სპეცოპერაციამდეა გადაღებული. 

"2 დღის წინ ეს ბოტასი, ეს ტანსაცმელი ეცვა და ახლა, ეს [ნივთები] აქ არის?! არ მაინტერესებს თქვენთან ინტერვიუ", - უთხრა ესებუას მამამ ჟურნალისტებს.

მოგვიანებით კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომ ის 27 ოქტომბერს არ არის გადაღებული. შსს-ს ინფორმაციით, ფოტო და ვიდეომასალა სხვადასხვა ობიექტზე განთავსებულმა კამერებმა 6 ოქტომბერს გადაიღეს. 

ზუგდიდში, ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულს მე-8 დღეა ეძებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდამსხმელის ვინაობა დანაშაულიდან 5 დღის შემდეგ, 26 ოქტომბერს გაასაჯაროვა. წინა დღეს ბადრი ესებუაზე მთავარი არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ილაპარაკა. შს მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, მათ თავდამსხმელის ვინაობა სწორედ მედიის მიერ გასაჯაროების შემდეგ დაასახელეს. 

21 ოქტომბერს ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა საქართველოს მძევლები აიყვანა, მოლაპარაკებების შემდეგ კი 500 000 აშშ დოლარი გაიტაცა და მიიმალა. ის ჯერაც არ არის დაკავებული. 

გამოძიება ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს. 



close დახურვა