logo
ENG



კობახიძემ არჩევნების დღეს ოპოზიციის "პროვოკაციულ გეგმებზე" მორიგი ბრიფინგი გამართა

29 ოქტ 202012:31
3 წუთის საკითხავი
clock 1363

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში ოპოზიციის წინააღმდეგ მორიგი ბრიფინგი გამართა და ამჯერად არჩევნების დღეს, მისი მტკიცებით, ოპოზიციის გეგმების შესახებ ისაუბრა. 

კობახიძის მტკიცებით:

  • იგეგმება ერთსა და იმავე საკითხებზე სხვადასხვა წარმომადგენლისა და დამკვირვებლების მიერ საჩივრების დიდი რაოდენობით შეტანა, რათა ხელოვნურად შეიქმნას მაღალი სტატისტიკა საჩივრების კუთხით;
  • რადიკალური პარტიები და მათი ფეიკდამკვირვებლები გეგმავენ საარჩევნო კომისიებიდან არჩევნების დღეს ჭარბი ინფორმაციის გამოთხოვას, რათა კომისიების წევრებმა ვერ შეძლონ ძირითად საქმიანობაზე ჯეროვანი კონცენტრირება და ამით შეფერხდეს კომისიების საქმიანობა;
  • იგეგმება საუბნო კომისიების პირველ სხდომებზე არაუფლებამოსილი პირების დასწრება (მაგალითად, პარტიის მიერ დანიშნული და შემდეგ მოულოდნელად მოხსნილი წევრის მისვლა), რითაც სურთ შექმნან საბაბი სხდომების ლეგიტიმურობის საკითხის შესახებ სპეკულირებისათვის;
  • იგეგმება საუბნო კომისიის წევრებს შორის ფუნქციების გასანაწილებელ წილისყრებში არმონაწილეობა ან წილისყრით განსაზღვრული ფუნქციის შესრულებაზე უარის თქმა და პროცედურების საბოტაჟი;
  • მთელ რიგ უბნებზე იგეგმება მნიშვნელოვანი ინვენტარის ან დოკუმენტაციის (მაგალითად, რეგისტრატორის ან კომისიის ბეჭდის, სარეგისტრაციო ჟურნალის, ჩანაწერთა წიგნის) დაზიანება ან მოპარვა;
  • იგეგმება უბნებიდან ბიულეტენების გატანა რადიკალური ოპოზიციის მიერ დანიშნული კომისიის წევრი რეგისტრატორების მიერ და შემდგომ სიუჟეტების ინიცირება, თითქოსდა ე.წ. კარუსელის მცდელობები ამხილეს;
  • იგეგმება რადიკალური ოპოზიციის აქტივისტების მიერ უბნებზე გაკრული ამომრჩეველთა სიების საჯარო ვერსიის ჩამოხევა და იმ მომენტის დაფიქსირება, როდესაც უბანზე ასეთი სია გამოკრული არ არის;
  • იგეგმება ცრუ ბრალდებების გავრცელება, თითქოს, ამომრჩევლების ფოტოსურათიანი სიის საჯარო ელექტრონული ვერსიები ცესკოდან მხოლოდ მმართველ პარტიას აქვს მიღებული, აგრეთვე ცრუ ბრალდებების გავრცელება იმის თაობაზე, რომ გაცემულ სიებში აღნიშნულია ამომრჩეველთა პირადი ნომრებიც;
  • იგეგმება უსაფუძვლო აჟიოტაჟი სიებში ე.წ. მკვდარი სულების არსებობის შესახებ;
  • იგეგმება მარკირებაგავლილი ამომრჩევლების უბანზე ხელახლა მიყვანა და აჟიოტაჟის შექმნა იმის შესახებ, რომ თითქოს, აღნიშნული პირი ქართული ოცნების ამომრჩეველია და ცდილობს მეორედაც მისცეს ხმა;
  • იგეგმება მათ მიერ დანიშნული კომისიის წევრი რეგისტრატორების მიერ ამომრჩევლისთვის სხვის, კერძოდ, ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერი ამომრჩევლის გრაფაში შეგნებულად ხელის მოწერინება, ხოლო ამ უკანასკნელის უბანზე გამოცხადების შემდეგ აჟიოტაჟის შექმნა, რომ სხვების მაგივრად ხდება ხმის მიცემა უცნობი პირების მიერ;
  • იგეგმება ამავე რეგისტრატორების მიერ ამომრჩეველზე ბიულეტენის გაცემა სიაში ხელმოწერის გარეშე, აგრეთვე ხელმოწერების დათვლის დროს ხელმოწერების გამოტოვება ოქმის შევსების პროცედურების გაჭიანურებისა და შესაბამის მონაცემებში ბუნდოვანების შეტანის მიზნით;
  • იგეგმება სხვადასხვა პროვოკაციის მოწყობა უბნებზე, სადაც აღინიშნება ოპოზიციის მიერ მიღებული ხმების განსაკუთრებით დაბალი დინამიკა;
  • იგეგმება საარჩევნო კომისიის წევრებისა და წარმომადგენლების სიტყიერი შეურაცხყოფა ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირების მიზნით;
  • იგეგმება საარჩევნო უბნებთან ხელოვნური რიგების შექმნა ამომრჩევლის აქტივობის შემცირების მიზნით;
  • იგეგმება კოვიდ-უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წესების განზრახი დარღვევა ამომრჩევლებს შორის შიშის გასაჩენად;
  • უბნებზე, სადაც რადიკალური ოპოზიცია განსაკუთრებით დიდი უპირატესობით აგებს არჩევნებს, იგეგმება ცრუ ინფორმაციის გავრცელება კომისიის წევრის, დამკვირვებლის ან წარმომადგენლის ინფიცირების შესახებ, ამ ინფორმაციას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ჩვენმა ამომრჩევლებმა;
  • საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ხელმოწერილი მემორანდუმის დარღვევით, იგეგმება საარჩევნო უბნების გარშემო ე.წ. პერიმეტრის წესის დარღვევა, აქტივისტების გარკვეული კონცენტრაცია და ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება.

კობახიძე ამტკიცებს, რომ სწორედ ეს გეგმები აქვს ოპოზიციას არჩევნების დღისთვის. 

ის ოპოზიციის მხრიდან ძალადობრივ პროვოკაციებზე საუბრობს და მათ აფრთხილებს:

"გარდა ზემოაღნიშნულისა, არჩევნების დღის მთავარ გამოწვევად რჩება რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი პროვოკაციებისა და ინციდენტების პრევენცია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ისინი პროვოკაციების ეპიცენტრებად მოიაზრებენ ბოლნისს, დმანისს, მარნეულს, ბათუმს, ზუგდიდსა და გლდანს. ვაფრთხილებთ მათ, რომ ნებისმიერი ამგვარი ქმედება უმკაცრესად დაისჯება".

ბოლო რამდენიმე დღეა ქართული ოცნების ოფისში ბრიფინგები ინტენსიურად იმართება, მათი თემა კი, მათივე მტკიცებით, ოპოზიციის მიერ არეულობის მოწყობის გეგმებია.


close დახურვა