logo
ENG



საპროტესტო აქციის დარბევისას დროების ოპერატორი დაშავდა

09 ნოე 202002:01
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/09/g6bg7jplpi5gt72.png

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ მომიტინგეების დარბევისას დროების ოპერატორი გიორგი ჯაფარიძე დაშავდა.

მას დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული. აქციაზე ასევე დაშავდა ფორმულანიუსის ჟურნალისტი ანა ბარათაშვილი.

დაზიანებები სხვა მედიების წარმომადგენლებმაც მიიღეს, მათ შორის TV პირველის ოპერატორმა პაპუნა ხაჩიძემ. ასევე, დაშავდნენ აქციის მონაწილეები, რომელთაგან სამი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.  

ცესკო-სთან სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა. ძალის გამოყენება პირველად მას შემდეგ მოხდა, რაც მომიტინგეები ნაწილი რუსთაველის გამზირიდან მსვლელობით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მივიდა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ძალა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გამოიყენეს. 

არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი სათანადო საფუძვლისა გარეშე გამოიყენეს და პოლიციას მოუწოდეს, ძალის გამოყენება დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ.

მომხდარს ასევე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. მან აღნიშნა, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ გამოყენებული ძალა სასტიკი და არაპროპორციული იყო.

შეგახსენებთ, რუსთაველზე, პარლამენტის წინ გამართულ მასშტაბური საპროტესტო აქციის შემდეგ, მომიტინგეებმა ცესკო-სთან გადაინაცვლეს, სადაც პროტესტი გაგრძელდა. ისინი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას, ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

მომიტინგეების ნაწილი ამ დრომდე ცესკო-სთან იმყოფება. ოპოზიციამ 9 ნოემბერს, 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქცია დააანონსა.


close დახურვა