logo
ENG



EMC მოუწოდებს შსს-ს შეწყვიტოს კომენდანტის საათისას ქუჩაში მცხოვრებ უსახლკაროთა დაჯარიმება

13 ნოე 202010:21
3 წუთის საკითხავი
clock 1566
2020/11/13/ktuwz9eheqnqab5.png

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება 10 ნოემბერს, საპატრულო პოლიციის მიერ კომენდანტის საათის დროს, უსახლკარო პირის მამუკა დიაკონიძის დაჯარიმების ფაქტს და სამინისტროს მოუწოდებს შეწყვიტოს ქუჩაში მცხოვრები უსახლკარო ჯგუფების მიმართ რეპრესიული ღონისძიებების გატარება  და მის ნაცვლად, მიიღოს ყველა ზომა მათი თავშესაფრის უზრუნველყოფის მიზნით სოციალური და მუნიციპალური სამსახურების ჩასართავად.

EMC-ში აცხადებენ, რომ ეს შემთხვევა კომენდანტის საათის დარღვევის გამო უსახლკარო პირების დაჯარიმების პირველ ფაქტს არ წარმოადგენს. 

"მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ცალკეული შემთხვევების შესახებ, ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ საპატრულო პოლიცია ქუჩაში მცხოვრები პირების მიმართ დაჯარიმების პრაქტიკას მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ითვალისწინებს იმ გარემოებას რომ თავშესაფრის არმქონე პირებისათვის საჯარო სივრცე ერთადერთი ადგილია, სადაც მათ ფიზიკურად ყოფნა შეუძლიათ, რაც დაუშვებელია გახდეს მათი დაჯარიმების საფუძველი", - აცხადებენ EMC-ში.  

NGO-ში მიიჩნევენ, რომ უსახლკარობის პრობლემა და განსაკუთრებით თავშესაფრის არმქონე პირების მწვავე საჭიროებები კიდევ უფრო ცხადი გახდა COVID-19-ის პანდემიის პირობებში რამდენადაც თავშესაფრის არქონა ან არასათანადო საცხოვრისი პირდაპირ დაუკავშირდა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის განსაკუთრებულად მაღალ რისკებს.

"უსახლკარო პირების  დაუცველობიდან და მასთან დაკავშირებული თვითიზოლაციის შეუძლებლობიდან გამომდინარე, სათანადო საცხოვრებელზე გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა სახელმწიფოებს მოუწოდა, პანდემიის გათვალისწინებით დაუყოვნებლივ მიიღონ ეფექტიანი ღონისძიებები უსახლკაროთა დაცვისა და მხარდაჭერისთვის, მათ შორის, უსაფრთხო საცხოვრისებით უზრუნველყოფის გზით. ამასთან, სპეციალურმა მომხსენებელმა დაუშვებლად მიიჩნია საცხოვრისის არქონის გამო ადამიანების დასჯა ვირუსის შეკავების ღონისძიებების (მათ შორის, კომენდანტის საათის) ფარგლებში", - წერია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

EMC-ში მიაჩნიათ, რომ საქართველოში საცხოვრისის პოლიტიკის არარსებობისა და მინიმალური მხარდაჭერითი  სერვისების არარსებობის პარალელურად, კიდევ უფრო შემაშფოთებელია სახელმწიფოს დამოკიდებულება მიუსაფარი პირების მიმართ და მათთვის სოციალური უსაფრთხოების და თავშესაფრის სერვისების შეთავაზების ნაცვლად, სახელმწიფო არ ითვალისწინებს მათ კრიტიკულ და ბაზისურ საჭიროებებს და საპასუხოდ სადამსჯელო ღონისძიებებს ატარებს.

"ვირუსის უპრეცედენტოდ მაღალი გავრცელებისა და ქვეყანაში არსებული კრიზისის ფონზე, ზრუნვის ნაცვლად სახელმწიფო სჯის ადამიანებს უსახლკარობისთვის და, პრაქტიკულად, მიუსაფარ პირებს არ უტოვებს საჯარო სივრცეებს არსებობისთვის. სახელმწიფოს მიდგომა, რომელიც სოციალური მხარდაჭერის ნაცვლად სადამსჯელო მექანიზმებს იყენებს მწვავე პანდემიური კრიზისის პირობებშიც კი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას წარმოადგენს. პანდემიის მიმდინარეობისას მთავრობის საქმიანობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის უზრუნველყოფა, ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის კანონიერი და პროპორციული  ღონისძიებების დაწესება და აღსრულება უნდა იყოს, თუმცა, ამ პერიოდში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მიერ დასჯის ნაცვლად ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება", - აცხადებენ NGO-ში.   

EMC მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას იხელმძღვანელოს ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებით და შეწყვიტოს მიუსაფარი ჯგუფების მიმართ იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დაჯარიმების ან/და სხვაგვარი სადამსჯელო ღონისძიებების გატარების პრაქტიკა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან ქვეყანაში ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა, რომელიც 22:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქალაქეების გადაადგილებას კრძალავს. რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი 2 000 ლარით დაჯარიმდება.


close დახურვა