logo
ENG



გაბუნია ეპიდსიტუაციის დამძიმებას ოპოზიციის "უჩვეულოდ ფართომასშტაბური" აქციებით ხსნის

24 ნოე 202023:40
3 წუთის საკითხავი
clock 1445
2020/11/25/755aa7b04em1nqs.jpg

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, 100 000 მოსახლეზე ახალ შემთხვევათა რაოდენობით მსოფლიოში საქართველოს პირველ ადგილზე გადანაცვლების პარალელურად ამბობს, რომ ეპიდსიტუაციის დამძიმების "პირველი მიზეზი" ოპოზიციურ აქციებზე "უჩველულოდ მაღალი აქტივობებია". 

"ბოლო პერიოდში, 3-4 კვირა, ჩვენ ვხედავდით ფართომასშტაბურ აქციებს, თავყრილობებს. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ კვებავს ეპიდემიის მიმდინარეობას. პირველი მიზეზი, რამაც ხელი შეუწყო ამას, არის ეს მაღალი მობილობა, დაკავშირებული უჩვეულოდ მაღალ აქტივობებთან აქციების ფონზე და ასევე - ინდივიდუალურ დონეზე პირადი დაცვის საშუალებები. 

პირბადის გარეშე და დისტანცირების გარეშე უბრალოდ, ახლა, არ გამოვა ეს ამბავი არაფრით და არ მივყვებით ამ წესებს ისე, როგორც შეგვიძლია რომ მივყვებოდეთ. ამდენად, რა თქმა უნდა, ეს არის ის შედეგი, რაც მივიღეთ", - ამბობს გაბუნია ტვ იმედში სტუმრობისას. 

ეპიდსიტუაციის დამძიმების მთავარ მიზეზად ოპოზიციის აქციებს ქართული ოცნების ლიდერები დღეს დილიდან აქტიურად ასახელებენ. 

პირველმა მსგავსი განცხადება ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა გააკეთა. მან თქვა, რომ ოპოზიციის ლიდერები მხარდამჭერებს პირდაპირ მოუწოდებდნენ, არ დაეცვათ ვირუსის პრევენციისთვის შემუშავებული წესები, მათ შორის, პირბადის ტარების წესი. 

იგივე განაცხადეს ქართული ოცნების წევრმა ლადო კახაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ. 

ხელისუფლების ბრალდებების საპასუხოდ, ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქართული ოცნების ლიდერები ჩიხური სიტუაციის გადაბრალებას იმიტომ ცდილობენ, რომ მძიმე ჯანდაცვის კრიზისიდან გამოსავალს ვერ პოულობენ. 

"არავითარი გამოსავალი ამ ჩიხიდან ხელისუფლებას არ შემოუთავაზებია და ისევ ოპოზიციას გადააბრალა ეს ძალიან მძიმე ვითარება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ, რომელმაც ცქიტიშვილის განცხადებას ამორალური უწოდა. 

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია კი ამბობს, რომ ყველა კრიზისის და ჩავარდნის ოპოზიციაზე გადაბრალება ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პოლიტიკური ხელწერაა. 

"რა შუაში იყო აქციები მეორე ტალღისთვის მომზადებასთან? მაგრამ ეს არის ხელწერა და მე ვიტყოდი, პოლიტიკური დაღი ივანიშვილის სამარცხვინო რეჟიმის და მისი პოლიტიკური არარაობების და კლოუნების გარემოცვის", - ამბობს ბოკერია. 

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 128 შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსის შედეგად გარდაიცვალა 39 ადამიანი. ჩატარდა 5477 PCR ტესტი. 


close დახურვა