logo
ENG



სირცხვილია საგარეოს: მიყეფებასავით განცხადების ნაცვლად, სჯობს ქვეყნის ინტერესებს იცავდეთ

28 ნოე 202022:40
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/28/krqi686fa2olclx.jpg

მოძრაობა სირცხვილია პარლამენტთან მიმდინარე აქციისას აქტივისტების დაკავებასა და აბაშიძე-კარასინის ფორმატზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

განცხადებაში საუბარია დღეს ანტირუსულ აქციაზე ორი აქტივისტის დაკავებასა და ერთის დაშავებაზე. მოძრაობა ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ ერთერთ აქტივისტს ნათია ლეთოდიანს წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. კერძოდ, სირცხვილიას ცნობით, პოლიცია ამბობს, რომ ლეთოდიანი "აგრესიულად ასხამდა პულივიზატორს პოლიციელების ფეხსაცმელებს", თუმცა, მათივე ცნობით, აქტივისტს პულივიზატორი არ ჰქონია. 

გარდა ამისა, სირცხვილია ამბობს, რომ აქტივისტი და ტელეკომპანია ფორმულას წამყვანი თათუშა არველაძე, რომელსაც პოლიციის მანქანაში ხელი მოაყოლეს, სამართალდამცველებისადმი დაუმორცილებლობას ედავებიან.  

"გოგონების არაპორპორციული ძალის გამოყენებით დაკავების პარალელურად, პოლიციელებმა თათუშა არველაძეს რამდენჯერმე მოაყოლეს ხელი ფურგონის ტიპის პოლიციის მანქანის კარში, რის შედეგადაც, თათუშამ იღრძო ხელი და 2 კვირით მოუწევს თაბაშირის ტარება. სანამ პოლიციის მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე ვიჩივლებდით, შსს თავდაცვის პოზიციაში ჩადგა და დაზარალებულს თავად უჩივლა - არ მემორჩილებოდა და 173-ე მუხლით უნდა გასამართლდესო", - ნათქვამია განცხადებაში. 

რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, ქართული მხარე რუსეთს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს, სირცხვილია აბაშიძე-კარასინის ფორმატის არსებობაში პრობლემას ხედავს. მათი აზრით, რუსეთი "ამ და მსგავსი ფარსის გამოყენებით ცდილობს, საქართველოში პრორუსული განწყობების გაღვივებასა და იმ ილუზიის შექმნას, რომ საქართველოში პროცესებს აკონტროლებს". 

"ამ ამბებიდან რამდენიმე საათში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, სადაც აღნიშნავს, რომ "აბაშიძე-კარასინის" შეხვედრების ფორმატზე არ განხილულა მსგავსი საკითხი და რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის მხრიდან ადგილი აქვს მცდარი ინფორმაციის გავრცელებას.

ვისურვებდით, რომ ამ ყველაფერში საქართველოს მთავრობა "სასარგებლო იდიოტი" მაინც ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ, გამიზნულად ბოროტია და არათუ ეხმარება რუსეთს, არამედ თავად აძლიერებს ქვეყანაში რუსულ გავლენებს.

ფეისბუქზე ძაღლის მიყეფებასავით განცხადებების კეთებას გირჩევნიათ, დღე-ღამეს ასწორებდეთ საერთაშორისო დონეზე ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის და რუსეთთან ენის მოჩლექით საუბრის ნაცვლად - ჩვენს ნამდვილ მეზობლებსა და პარტნიორებს ატყობინებდეთ სიმართლეს.

თქვენ კი, საქართველოს "სასიქადულო" პოლიციელებო, როგორც ჩანს, დაგავიწყდათ, სინამდვილეში რას უნდა ემსახურებოდეთ. დაგავიწყდათ, რომ ბიძინა ივანიშვილის ბოსტნის კი არა - ამ ქვეყნის მოქალაქეების დაცვა გევალებათ. დაგავიწყდათ, რომ სახლში მისულებმა საგმირო საქმეები უნდა მოუყვეთ თქვენს შვილებს - როგორ დაამარცხეთ კრიმინალი, დაიჭირეთ ბოროტი ადამიანები და დაეხმარეთ გაჭირვებაში მყოფებს. დღეს რა გქონდათ მოსაყოლი? ამაყობთ, რომ 2 უდანაშაულო გოგო დააკავეთ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისთვის და 22 წლის თათუშას ხელი მოაგლიჯეთ? თუ თქვენივე მოქალაქეების ენთუზიაზმით დევნისთვის თვის ბოლოს ჩარიცხული პრემიები გაჩუმებთ? თქვენი ზემდგომები მეტს იღებენ, გოგა მემანიშვილისა და ვაჟა სირაძის მსგავსი მონები, რომლებიც ქვეყანაში კრიმინალს აზეიმებენ, აქტივისტებს კი შეშისა და სტენსილების გამო დევნიან.

უკვე დიდი ხანია, რაც პოლიცილების ქმედებები პოლიციელობის იდეას ასცდა და ამ ასინქრონმა თქვენ მიმართ ნდობა გააქრო. რაც უფრო მეტ უკანონო ბრძანებას შეასრულებთ, მით უფრო მეტი ზიზღი, უნდობლობა და ბრაზი დაგხვდებათ იმ ადამიანების სახეებზე, რომლებისთვისაც მანამდე გმირები იყავით. პირად საუბრებში თავის ჩაქინდვრა და ირიბი თანხმობები საკმარისი არ არის, როდესაც მერე სასამართლოზე მოდიხართ და ვიღაცის ან რაღაცის შიშით ისევ ჩვენ წინააღმდეგ აძლევთ ჩვენებებს. როგორ უნდა იარსებოს ქვეყანამ, რომელშიც პოლიციელებს ეშინიათ?", - ნათქვამია განცხადებაში. 

ზურაბ აბაშიძის და გრეგორი კარასინის შეხვედრა 27 ნოემბერს დისტანციურად შედგა. შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და მიუთითა, რომ "შეხვედრაზე დადასტურდა ორმხრივი განწყობა 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი რუსული ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დასაძლევად". 

საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ამის შესახებ არაფერი ეწერა. 

 


close დახურვა