ბათუმში მდებარე ფიტნეს კლუბი რეფორმერი დაჯარიმების მიუხედავად, მუშაობას აგრძელებს.
როგორც კლუბის განცხადებაშია აღნიშნული, მათი დაუმორჩილებლობის აქტი მიმართულია იმისკენ, რომ ეკონომიკის ნებისმიერი დარგის წარმომადგენელს, თავისუფალი ეკონომიკური საქმიანობის უფლება მიეცეს.
"რეფორმერ-ფიტნესის გუნდი წარმოადგენს თავისუფალი, პასუხისმგებლიანი ადამიანების ერთობას, გუნდს რომელსაც სჯერა, რომ მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ შექმნან რაიმე ღირებული, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე კაცობრიობისთვის.
ჩვენ შეგვეძლო გვეპოვა ხვრელი კანონმდებლობაში და გვერდის ავლით გაგვეგრძელებინა საქმიანობა, რისი უნარიც ნამდვილად გვაქვს, მაგრამ რადგანაც ეს უსამართლობა მხოლოდ ჩვენ არ გვეხება და შედეგად ყველა უფრო და უფრო ვღარიბდებით, ჩავთვალეთ, რომ ასე ცხოვრების გაგრძელება აღარ შეიძლება. რაც უფრო მეტად ვღარიბდებით მით უფრო მცირე რესურსი გვრჩება ჩვენი და ჩვენი ოჯახების ჯანმრთელობასა და განათლებაზე ზრუნვისთვის, ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვეწყო ღია, საჯარო დაუმორჩილებლობა და არ შეგვეწყვიტა საქმიანობა...
მიუღებელია ის არგუმენტი, რომ ჯანდაცვის სისტემა არ არის მზად ვირუსთან საბრძოლველად (თითქოს ეს ან მოქალაქეების ან მეწარმეების ბრალია) და ამიტომ ჩვენი მოსახლეობა უნდა გავწიროთ სიღარიბისთვის, რაც ავტომატურად ნიშნავს კიდევ უფრო მეტ დაკარგულ სიცოცხლეს.
ჩვენ, როგორც ბიზნესს კარგად გვაქვს გააზრებული ის ფინანსური და სამართლებრივი შედეგები, რაც შეიძლება მოყვეს ამ წინააღმდეგობას, თუმცა ამის მიუხედავად არ ვაპირებთ გაჩერებას.
შრომა არასდროს ყოფილა არც სირცხვილი და არც კრიმინალი.
ჩვენ არ ვითხოვთ გადასახადების გადამხდელთა ფულით ჩვენი ბიზნესის სუბსიდირებას, არც საბანკო სესხების პროცენტების თუ სხვა ნებისმიერი პროდუქტისა და მომსახურების ფასების ხელოვნურ მართვას მთავრობის მიერ, არც სასესხო ვალდებულებების გაუქმებას, ჩვენ არ გვსურს სხვის ხარჯზე ცხოვრება.
ჩვენი დაუმორჩილებლობის აქტი მიმართულია იმისკენ, რომ როგორც ჩვენი სფეროს კომპანიებს, ასევე ეკონომიკის სხვა ნებისმიერი დარგის წარმომადგენელს, უკლებლივ ყველას დაუყოვნებლივ მიეცეს თავისუფალი ეკონომიკური საქმიანობის უფლება და საშუალება, გაიხსნას ქვეყნის საზღვრები და დაიწყოს თავისუფალი ეკონომიკური პროცესი და რაც ყველაზე მთავარია, კერძო საკუთრების და პიროვნების უფლება იყოს გარანტირებული.
ხოლო იმისთვის, რომ ეკონომიკა სწრაფად გაიმართოს წელში საჭიროა:
"საქონლის გაცვლა ყოველი ბაჟისგან და გადასახადისგან თავისუფალი უნდა იყოს და არა რომელსამე კანონმდებლობისგან შეხუთული არ უნდა იქნას." - ილია ჭავჭავაძე.
წარმატებებს და ჯანმრთელობას გისურვებთ", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ფიტნეს კლუბი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული რეგულაციის დარღვევის საბაბით, გუშინ, 10 000 ლარით დააჯარიმეს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მომავალი ორი თვით, სხვა არაერთი დაწესებულების მსგავსად, საქმიანობის განხორციელება ფიტნესკლუბებსაც ეზღუდებათ. ახალი საკარანტინო შეზღუდვები 28 ნოემბრიდან 2021 წლის 31 იანვრამდე ამოქმედდება.
ახალი შეზღუდვების სრული ჩამონათვალი ნახეთ აქ.