logo
ENG



DRI: 28 ნოემბერს მომხდარი დაკავებები სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობის დაკარგვას იწვევს

30 ნოე 202016:19
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/30/yss57ok9enqmpoq.png

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი 28 ნოემბერს პარლამენტის უკანა შესასვლელთან გამართულ აქციაზე სამოქალაქო აქტივისტების დაკავებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ მშვიდობიან დემონსტრანტთა მიმართ უფლებამოსილების გადამეტების სათანადო რეაგირების გარეშე დატოვება და სანაცვლოდ დაზარალებულ დემონსტრანტთა პასუხისგებაში მიცემა, სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობის დაკარგვას იწვევს.

ორგანიზაციის მოსაზრებით, მსგავსი ფაქტები დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ პრინციპებს ძირს უთხრის.

DRI განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის. არაკანონიერი მოთხოვნა, და, შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნისადმი წინააღმდეგობა კი ასკ-ის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ შედეგებს არ წარმოშობს.

"აღნიშნული შეცდომის გამოსწორების მცდელობად შეიძლება მივიჩნიოთ ისიც, რომ მოგვიანებით პოლიციელებმა სამოქალაქო აქტივისტებს და პოლიტიკოსებს პარლამენტის შესასვლელთან აღმართულ კონსტრუქციაზე წარწერების გაკეთების შესაძლებლობა მისცეს. დაკავებული ორი აქტივისტის მიმართ კი დაიწყო წარმოება იმ სავარაუდო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, რომლის ჩადენაც არ დასტურდება ადგილზე მყოფი არც ერთი ნეიტრალური მოწმის მიერ". - ამბობენ ორგანიზციაში. 

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, უკანასკნელ წლებში, მწვავე პრობლემად დგას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებულ დემონსტრანტთა მიმართ სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებათა რელევანტურობისა და უტყუარობის საკითხი, დაბალი მტკიცების ტვირთი და უფლებათა დაცვის არასაკმარისი სტანდარტები.

"სასამართლოში, არაერთხელ ეჭვქვეშ დამდგარა მოწმე სამართალდამცავის მიერ დაკავებული დემონსტრანტის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების უტყუარობა. მნიშვნელოვანია აღნიშნული ხარვეზები არ განმეორდეს 28 ნოემბრის აქციის დროს დაკავებული აქტივისტების საქმეებში. პრობლემას ამძაფრებს დაკავების პროცესში  აქტივისტის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი, რასაც სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია", - წერია განცხადებაში. 

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს სრულყოფილი მექანიზმი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ მშვიდობიან დემონსტრანტთა მიმართ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე გახშირებული საჩივრების სრულყოფილად გამოძიებისათვის. აღნიშნული შემთხვევების სათანადო რეაგირების გარეშე დატოვება და სანაცვლოდ დაზარალებულ დემონსტრანტთა პასუხისგებაში მიცემა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, იწვევს ინსტიტუტებისადმი ნდობის დაკარგვას და ძირს უთხრის დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ პრინციპებს.

ცნობისთვის, 28 ნოემბერს პარლამენტთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ანტირუზული აქცია გაიმართა. პროტესტის მიზეზი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება გახდა, რომელიც ზურაბ აბაშიძის და გრეგორი კარასინის შეხვედრის შემდეგ გავრცელდა და რომელშიც რუსეთი მიუთითებდა, რომ "შეხვედრაზე დადასტურდა ორმხრივი განწყობა 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი რუსული ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დასაძლევად". საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ამის შესახებ არაფერი ეწერა. 

აქციის მსვლლობისას 2 აქტივიტი დააკავეს. შუშანა მაცაბერიძე და ნათია ლეთოდიანი ევროპული საქართველოს წევრთან, ელენე ხოშტარიასთან ერთად, დროებით კედელზე  ანტირუსული წარწერებს აკეთებდნენ, რაც კანონდარღვევა არ არის, თუმცა, პოლიციამ ეს არ გაითვალისწინა.  მოგვიანებით ისინი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ასევე დაშავდა ტელკეკომპანია ფორმულას წამყვანი და აქტივისტი თათუშა არველაძე. მას პოლიციის მანქანაში ხელი მოაყოლეს. არველაძეს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. 


close დახურვა