logo
ENG



გამოვავლინეთ ყალბი ანგარიშების ქსელი, რომელსაც ქართული მარში და PosTv იყენებდნენ - DFRLab

02 დეკ 202013:10
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/02/eaz2r3bfktqoccp.jpg

DFRlab-მა ყალბი facebook ანგარიშების, ჯგუფების და გვერდების ქსელი გამოავლინა, რომლებიც Postv-ის და ქართული მარშის დღის წესრიგის გასატარებლად მასალებს კოორდინირებულად ავრცელებდნენ. ლაბორატორიის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ პროსამთავრობო მედიის PosTv-ის და პუტინისტური დაჯგუფების ქართული მარშის კონტენტს არაავთენტიკურ ქცევაში შემჩნეული ანგარიშების ქსელი Facebook-ის მომხმარებელთა მოტყუების გზით ავრცელებდა. 

კვლევის ფარგლებში DFRlab-მა 30 facebook ჯგუფი, 30 გვერდი და 10 ანგარიში გამოავლინა. ლაბორატორიის კვლევით გამოვლინდა აშკარა კავშირი იმ ანგარიშებს, ადმინისტრატორებს, ჯგუფებსა და გვერდებს შორის, რომლებიც ტელეკომპანია PosTv-ისა და პროპუტინური ქართული მარშის პოლიტიკური დღის წესრიგის გავრცელებით იყვნენ დაკავებული.

მათი უმრავლესობა შეთანხმებულად, ხშირ შემთხვევაში კი, ერთი და იგივე წყაროდან იმართებოდა. ქსელში შემავალი ანგარიშები, ჯგუფები და გვერდები იდენტური მეთოდებით ცდილობდნენ მომხმარებლებისთვის მოტყუებით პოლიტიკური კონტენტის მიწოდებას და მათ გავრცელებას. 

 

Facebook გვერდები

კვლევის ფარგლებში, გამოვლინდა 29 ფბ გვერდი, რომელთა ჯამური აუდიტორია დაახლოებით 98 000 ფბ მომხმარებელი იყო. ეს გვერდები დაკავშირებული იყო ფოტოგრაფ და ვიდეობლოგერ George Toreli - თან. 

გამოვლენილი ფეისბუქგვერდები, იდენტობის შეფარვის მიზნით, მოგზაურობის, მარკეტინგის, ფოტოგრაფიის, ფილმების და გართობის საკითხებით დაინტერესებას იჩემებდნენ. სინამდვილეში კი ქართული მარშისა და PosTv-ის კონტენტის გავრცელებით იყვნენ დაკავებულები. მაგალითისთვის, ფბ გვერდები George Toreli; Tyachi და Torel News კოორდინირებულად ავრცელებდნენ PosTv-ის გართობის და ქართული მარშის პოლიტიკურ ვიდეოებს:

 

 

ფბ გვერდი

 

 

მოცემული გვერდები PosTv-სა და ქართული მარშის კონტენტს ერთი და იგივე დროის ინტერვალით აზიარებდნენ, რაც კოორდინირებულ ქმედებაზე მიუთითებს, ისევე როგორც ამ გვერდების ცენტრალურ მართვაზე.

კიდევ ერთი გვერდი - "მარში ტვ" (March Tv) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე, 1 სექტემბერს შეიქმნა. გვერდი პირდაპირ იყო დაკავშირებული ქართულ მარშთან და მასალებსაც პირდაპირ ქართული მარშიც ოფიციალური გვერდიდან აზიარებდა. ეს გვერდი ორ საჯარო ფბ ჯგუფს უწევდა ადმინისტრირებას: "საგიჟეთი, ღამურები, შერეკილები" და "ყიდვა-გაყიდვა საქართველოში".

მარში ტვ-ის შექმნის შემდეგ ინტერნეტსივრცეში გაჩნდა რამდენიმე ფბ გვერდი, რომლებიც ტანსაცმლის, გართობის და სხვადასხვა სფეროს დასახელებებს ირჩევდნენ, სინემდვილეში კი ქართული მარშის კონტენტს ავრცელებდნენ. მაგალითისთვის ფბ გვერდი "The best shoe fabric" რეალური იდენტობის დასაფარად ფეხსაცმლების გასაყიდ გვერდად შეიქმნა, სინამდვილეში კი გვერდის შესახებ ინფორმაციაში ინტერნეტ ტელევიზიაა მითითებული, გვერდის მისამართი (ID) კი "მარში ტვ"-ზეა გაფორმებული.

ფეხსაცმლების შესახებ ინფორმაციებისა და ფოტომასალის გავრცელებასთან ერტად, ყალბი გვერდი ქართული მარშის მიერ შექმნილ პოლიტიკურ ვიდეომასალებს ავრცელებდა. 

 

Facebook ანგარიშები

ქსელი ასევე რამდენიმე ფბ ანგარიშსაც (account) მოიცავდა. ისინი ასევე კოორდინირებულად ავრცელებდნენ ქართული მარშისა და PosTv-ის მასალებს. რამდენიმე მათგანს არაავთენტიკურობის დამადასტურებელი მკაფიო მახასიათებლებიც ჰქონდათ - ანგარიშებზე პროფილის ფოტოდ ინტერნეტიდან აღებული ფოტოები ეყენათ, 2 მათგანს კი სამუშაო ადგილად ქართული მარშის საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) სამსახური ჰქონდათ მითითებული.

 

Facebook ჯგუფები

DFRlab-ის მიერ გამოვლენილი ქსელი 30-მდე ფბ ჯგუფსაც მოიცავდა, მათი ნაწილი დახურული ჯგუფია. ჯგუფების წევრთა საერთო რაოდენობა 40 000-ს აჭარბებს. ყალბი გვერდების მსგავსად, ჯგუფებსაც შეცდომაში შემყვანი სხვადასხვა სფეროსთან ასოცირებული, აპოლიტიკური სახელები დაერქვა, თუმცა, სინამდვილეში, ჯგუფებში PosTv-ისა და ქართული მარშის კონტენტი აქტიურად და კოორდინირებულად ვრცელდებოდა.

ამ ჯგუფების უმეტესობას ერთი და იგივე ანგარიში ადმინისტრირებდა, მათ შორის, ზემოთ გახნილული ანგარიშები.

 

ქსელს ერთმანეთთან, მათ შორის, საერთო ადმინისტრატორებიც აკავშირებენ. მაგალითისთვის: ფბ გვერდი "The best Shoes Fabric" (მარში ტვ) რამდენიმე ასეთი ჯგუფის ადმინისტრატორია ("საგიჟეთი ღამურები შერეკილები" და "ყიდვა გაყიდვა საქართველოში"). კიდევ ერთი საერთო ადმინისტრატორი მსგავსი ჯგუფებისა PosTv-ის გასართობი გადაცემების წამყვანი ნინო ადამაშვილია (Nino Adamashvili), რომელიც, მათ შორის, ქართულ მარშთან დაკავშირებული ჯგუფების თანაადმინისტრატორია. ქსელში შემავალ ჯგუფებში ადამაშვილი სხვა მასალებთან ერთად, PosTv-ის კონტენტს ავრცელებდა.

ადამაშვილი ასევე ორ სხვა ჯგუფს ადმინისტრირებს - "საქართველო - GEORGIA" და "ქართული სიმღერები". პირველი ჯგუფი თავდაპირველად "Stop COVID-19 Georgia"-ის სახელით შეიქმნა, თუმცა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ჯგუფის სახელი "საქართველო - GEORGIA"- ად გადაკეთდა. რაც შეეხება მეორე ჯგუფს, შეცდომაში შემყვანი სახელის მიუხედავად, თითქოს ჯგუფი ქართული სიმღერების პოპულარიზაციისთვის შეიქმნა, ადამაშვილი ჯგუფში PosTv-ის კონტენს ავრცელებდა, სხვა მასალებთან ერთად.

"საბოლოო ჯამში, ქსელში შემავალ გვერდებში, ანგარიშებსა და ჯგუფებში შეიმჩნევა თანამშრომლობისა და არაავთენტიკური ქცევის დამადასტურებელი რამდენიმე ასპექტი. საერთო სტრატეგია მიმნდობი და დაუეჭვებელი მომხმარებლების შეტყუება უნდა ყოფილიყო, აპოლიტიკური დასახელებების წყალობით, შემდგომ კი მათთვის PosTv-ისა და ქართული მარშის დღის წესრიგის გასატარებლად, შესაბამისი მასალების მიწოდება", - წერს DFRlab. 

ლაბორატორიამ დაახლოებით ერთი თვის წინ პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშებისა და ვებგვერდების ქსელიც გამოავლინა, რომელიც ასევე იყო დაკავშირებული პროსამთავრობო მედია PosTv-სთან. 


close დახურვა