logo
ENG



კობახიძე: ვინც ვერ შეეწინააღმდეგება რადიკალებს, დეპუტატობას შევუწყვეტთ, დაფინანსებასაც

09 დეკ 202015:21
3 წუთის საკითხავი
clock 1026
კობახიძე: ვინც ვერ შეეწინააღმდეგება რადიკალებს, დეპუტატობას შევუწყვეტთ, დაფინანსებასაც

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის, განცხადებით, მმართველი გუნდი საპარლამენტო მანდატებს შეუწყვეტს ყველა იმ დეპუტატს, რომლებიც "ოპოზიციის რადიკალი ლიდერების სცენარს ვერ შეეწინააღმდეგებიან" და საკანონმდებლო ორგანოში შესაბამის განცხადებას წარადგენენ.

მისივე თქმით, ის პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ შევლენ, სახელმწიფო დაფინანსებითა და სხვა პრივილეგიებით ვერ ისარგებლებენ.

"დღეს შედგა თათბირი პარტიის ლიდერების მონაწილეობით და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო მანდატებს მათივე განცხადების საფუძველზე შეუწყვეტს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც არ ან ვერ შეეწინააღმდეგება ოპოზიციის რადიკალი ლიდერების სცენარს და პარლამენტს წარუდგენს შესაბამის განცხადებას. გარდა ამისა, სახელმწიფო დაფინანსებას და სხვა შესაბამის პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილი", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ჯერ კიდევ გუშინ, კობახიძე "საბოტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმის" ამოქმედებაზე საუბრობდა. მან აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს სადეპუტატო უფლებამოსილებას არ შეუწყვეტდნენ და დროს დაუტოვებდნენ იმისათვის, რომ "პარლამენტში მოგვიანებით შესულიყვნენ".

ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების IV რაუნდი გუშინ, 8 დეკემბერს გაიმართა. მოლაპარაკების საკითხი ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტის ფონზე, მათი მოთხოვნები და ხელისუფლებისთვის შეთავაზებული წინადადებებია - ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ახალი არჩევნების ჩატარებას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. 

ოპოზიციამ ხელისუფლებას წერილობითი შეთავაზებაც გაუკეთა - ჩამოთვლილ საკითხებთან ერთად შეთავაზების ერთ-ერთი პუნქტი 2021 წლის შემოდგომაზე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ პლებისციტის ჩატარებაა. სწორედ ეს საკითხები განიხილეს ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებმა 7 დეკემბრის სხდომაზე.  

შეხვედრები დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით მიმდინარეობს. პარლამენტი 11 დეკემბერს შეიკრიბება, თუმცა მოლაპარაკებები ამ დრომდე კონკრეტულ შედეგამდე არ მისულა.

ფორმულას ინფორმაციით, მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი ხვალ, 10 დეკემბერს არის დანიშნული.


close დახურვა