ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეგისტრაციის გაუქმების მუქარა და სხვა სადამსჯელო ინიციატივები, რომლითაც მმართველ გუნდი გამოდის, პუტინის რუსეთისკენ მიმავალი გზაა.
ბოკერიამ კარლ ჰარცელის განცხადება შეაფასა, რომელმაც, თავის მხრივ, შეშფოთება გამოთქვა ნაციონალური მოძრაობისთვის რეგისტრაციის გაუქმებისა და ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიებისთვის დაფინანსების შეჩერების ინიციატივაზე,
"ბატონი ჰარცელის შეფასებასა და შეშფოთებას იმ ინიციატივასთან დაკავშირებით, რაც აქვს ქართულ ოცნებას, რა თქმა უნდა, ვიზიარებ. რეგისტრაციიდან გაუქმების მუქარა, ისევე როგორც სადამსჯელო საკანონმდებლო ინიციატივები, იმის პასუხად, რომ არ მოგვწონს პოლიტიკურ ოპონენტის საქციელი, არის კანონის უზენაესობის საპირისპირო ამბავი და პუტინის რუსეთისკენ მავალი გზა". - თქვა ბოკერიამ.
ქართული ოცნების ამ ინიციატივას აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიშიც გამოეხმაურა. ამერიკის ხმისთვის მიცემულ წერილობით კომენტარში სენატორი რიში ამბობს, რომ მმართველი თავს უნდა იკავებდეს ოპოზიციური ხმის ჩახშობის მცდელობებისგან.
ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ 17 დეკემბერს თქვა, რომ პარლამენტში ინიცირებულია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიების წინააღმდეგაა მიმართული. კობახიძის თქმით, კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტასა და შეჩერებას იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს.
ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, მანამდე კი ბოიკოტის რეჟიმში არიან.
ოპოზიციას რამდენიმე მოთხოვნა აქვს: ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ოპოზიციამ მმართველ გუნდს რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაც შესთავაზა.
მიუხედავად ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებისა, რომელსაც ფასილიტაციას დასავლელი პარტნიორები უწევენ, შეთანხმება ვერ მოხერხდა, ქართული ოცნება მხოლოდ საარჩევნო რეფორმის ჩატარებას თანხმდება.
სწორედ ამის გამო, 11 დეკემბერს გამართული მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად, ერთპარტიული იყო.