logo
ENG



კობახიძე "არ გამორიცხავს", რომ გავრილოვი, ევროპული საქართველო და ენმ ერთად მოქმედებდნენ

20 დეკ 202023:50
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე "არ გამორიცხავს", რომ გავრილოვი, ევროპული საქართველო და ენმ ერთად მოქმედებდნენ

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე "არ გამორიცხავს", რომ 20 ივნისს გავრილოვი, რუსეთი, ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა ერთად მოქმედებდნენ. ამის შესახებ კობახიძემ პალიტრანიუსის წამყვანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამის თქმის საფუძველს აძლევს სტამბიდან მიღებული ინფორმაცია, რომ ოპოზიციამ 10 დღით ადრე დაბეჭდა ტრანსფარანტები.

კითხვაზე, ჩატარდა თუ არა ამაზე გამოძიება, კობახიძე პასუხობს, რომ მას გამოძიებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია და ვერც ოპოზიციას დააბრალებს, რომ გინდა თუ არა, იცოდა. მისი თქმით, შესაძლოა, მათ რისკები გათვალეს.

"ვერ დააბრალებ, რომ გინდა თუ არა იცოდნენ, შეიძლება რისკები ჰქონდათ გათვლილი, ყველაზე რბილი ვარიანტიდან ამოვიდეთ, მაგრამ ესეც დანაშაულია, შენ წინასწარ რაღაცა შეცდომაზე თვლი და ამაზე აგებ მერე რადიკალურ სცენარს, ესეც ერთგვარი დანაშაულია მინიმუმ პოლიტიკური. რაც ეჭირათ ხელში, 10 დღით ადრე ჰქონდათ დაბეჭდილი", - თქვა კობახიძემ.

მანამდე კობახიძემ ისაუბრა, რომ ხშირად ხედავს წინა ხელისუფლებისა და რუსების ქმედებებს შორის სინქრონს.

"2008 წელს სინქრონში ვინ მოქმედებდა? საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება და რუსეთის ხელისუფლება. სინქრონით ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიის 20 პროცენტი", - განაცხადა კობახიძემ.

2019 წლის 20 ივნისს რუსი კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში ეწვია და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა. ამას მასშტაბური პროტესტი მოჰყვა, მრავალათასიანი საპროტესტო აქცია ხელისუფლებამ ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაარბია.


close დახურვა