logo
ENG



მთიანი ყარაბაღის შესახებ განცხადებების გამო კელიმ და ჰოჯესმა ზურაბიშვილი გააკრიტიკეს

23 დეკ 202017:37
3 წუთის საკითხავი
clock 2651

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ მოყვა საერთაშორისო დიპლომატების მწვავე კრიტიკა. ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილმა ხელმძღვანელმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა და საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა იან კელიმ პრეზიდენტი ტვიტერზე გამოქვეყნებული ვიდეოს გამო გააკრიტიკეს და მის განცხადებებს შეცდომა უწოდეს. 

სალომე ზურაბიშვილმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ საკუთარი პოზიციები ონლაინკონფერენციაში მონაწილეობისას დააფიქსირა. ზურაბიშვილმა კვლავ სიხარული გამოთქვა კონფლიქტის ზონაში აღმდგარი მშვიდობის გამო და დანანებით აღნიშნა, რომ შეთანხმების მიღწევის პროცესში საქართველოს საკვანძო როლი არ უთამაშია. პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართველო ისტორიულად კავკასიის ცენტრია და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ქვეყანა ე.წ "კავკასიური პლატფორმის" საკვანძო მოთამაშედ იქცევა. 

"კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო იმას, რასაც ადრეც მივესალმე, ანუ მშვიდობის აღდგენას, რაც ჩვენთვის და ჩვენი სამივე მეზობლისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია", - განაცხადა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ მშვიდობის აღდგენის პროცესში საქართველოს პასიურობით იმედგაცრუებულია, - "მე ვარ დარწმუნებული, რომ სწორედ საქართველო კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი. ვიმედოვნებ, რომ 2021 წელი იქნება ამ კუთხით ჩვენი გაცოცხლების წელი". 

პრეზიდენტის განცხადებას იან კელი გამოეხმაურა. კელისთვის გაუგებარი აღმოჩნდა, თუ რატომ უჭერს მხარს საქართველოს პრეზიდენტი კავკასიური პლატფორმის ინიციატივას, როდესაც ეს რეგიონში რუსეთისა და ირანის პოზიციების გაძლიერებას ნიშნავს. კელიმ ასევე აღნიშნა, რომ ყარაბაღის რეგიონში "მშვიდობის აღდგენა: რუსი სამხედროების მონაწილეობით მოხდა. 

"ეს "მშვიდობის აღდგენა" რუსი სამხედროების მონაწილეობით მოხდა", - დაწერა კელიმ, - "და რატომ უწყობს ხელს საქართველოს პრეზიდენტი კავკასიური პლატფორმის იდეას, როდესაც ეს რეგიონულ საქმეებში რუსეთისა და ირანისთვის ხმის უფლების მინიჭებას ნიშნავს?".  

პრეზიდენტის განცხადებას შეცდომა უწოდა გენერალმა ბენ ჰოჯესმა და იან კელის მსგავსად, ზურაბიშვილის პოზიცია გააკრიტიკა. 

"ეს შეცდომაა. განა საქართველოს პრეზიდენტი სუვერენიტეტს არ წარმოადგენს?", - დაწერა გენერალმა, - "რატომ უნდა უჭერდეს საქართველო იმ გეგმას მხარს, რომელიც რუსი ოკუპანტების გამაგრებას გამოიწვევს ყველა და მათ შორის, მის საზღვარზეც? რატომ აძლევს საქართველო რუს "მშვიდობისმყოფელებს" სომხეთში მათი საჰაერო სივრცის გავლით გადაფრენის შესაძლებლობას მაშინ, როდესაც რუს სამხედროებს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული?". 

საქართველოს პრეზიდენტს საერთაშორისო დიპლომატების კრიტიკაზე საპასუხო განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია, თუმცა ზურაბიშვილს კრიტიკისთვის არ უპასუხია არც მაშინ, როდესაც აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ შეშფოთება გამოხატა ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულების შესახებ პრეზიდენტ ზურაბიშვილის საჯარო მილოცვის გამო. 

"როგორ შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს ისეთი შეთანხმების მილოცვა, რომელიც რუსეთის კიდევ ერთ ოკუპაციას ამყარებს კავკასიაში და კარს უხურავს დასავლეთს?", - დაწერა მაშინ კელიმ

მთიან ყარაბაღში ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას 9 ნოემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 9 ნოემბერს მოაწერეს ხელი. 

9 პუნქტიანი შეთანხმება კონტაქტის ხაზისა და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ რუსი სამხედროების განლაგებას ითვალისწინებს. ამ შეთანხმებით, რუსეთს ამიერკავკასიის ყველა ქვეყანაში ჰყავს სამხედრო ძალები განთავსებული: საქართველოშიც, აზერბაიჯანშიც და სომხეთშიც. 

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მაშინ განაცხადა, რომ ამ შეთანხმებით კავკასიაში ახალი ერა დაიწყებოდა და მოლაპარაკებებში ჩართულ ფასილიტატორებს, მათ შორის, რუსეთს მადლობა გადაუხადა. 


close დახურვა