მთავრობის მიერ ამოქმედებული გადაადგილების შეზღუდვის გამო, განსხვავებით 7 იანვრისგან, 25 დეკემბრის ღამეს, როდესაც საქართველოს არადომინანტი რელიგიური ჯგუფები და მსოფლიო საქრისტიანოს უდიდესი უმრავლესობა ქრისტეს შობას აღნიშნავს, კომენდანტის საათი არ მოიხსნა. მრევლს საშობაო წირვაზე დასწრება მხოლოდ ერთჯერადი საშვებით შეეძლო. ევანგელისტურ-ბაპტისტურ ეკლესიაში წირვა გვიან ღამემდე მიმდინარეობდა და ონლაინ გადაიცემოდა. ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე მთავრობის მხრიდან შერჩევით დამოკიდებულებაზე საუბრობს.
რუსუდან გოცირიძის თქმით, უხერხულია, როდესაც სახელმწიფო მეორეხარისხოვან მოქალაქედ აღგიქვამს.
"შობის დღესასწაული საქრისტიანოს ლიტურგიულ კალენდარში არის ორი უმნიშვნელოვანეს დღესასწაულთაგან ერთერთია. შესაბამისად, შობა არის დღესასწაული, რომელსაც ელოდება ყველა მორწმუნე. ეს მიდგომა არის უხერხული და კიდევ ერთხელ იმედისგამაცრუებელი, რომ შენი სახელმწიფო, რაღაცნაირად, მეორეხარისხოვან მოქალაქედ აღგიქვამს", - განაცხადა გოცირიძემ.
ცნობისთვის, კათოლიკე ეკლესიამ საშვებზე უარი თქვა და საშობაო ღამისთევის წირვა ყველა კათოლიკურ ტაძარში 21:00 საათამდე დასრულდა. კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსის ჯუზეპე პაზოტოს განცხადებით, დამსწრეთა მსურველების პირადი მონაცემების მოგროვება პრობლემური იყო. ეპისკოპოსი ეჭვობს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება არის ირიბი იძულება, რათა საეკლესიო მსახურება ეკლესიებში ნებადართულ პერიოდში განხორციელდეს.
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) არადომინანტი რელიგიური ჯგუფებისთვის შობის დღესასწაულზე შეზღუდვების არშემსუბუქებას საგანგაშოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ინტენსიურად ხელყოფს რელიგიის თავისუფლებას, უგულებელყოფს თანასწორუფლებიანობის პრინციპს და აღრმავებს დისკრიმინაციას რელიგიურ ჯგუფებს შორის. TDI-ში დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლების "დაუფარავად" დისკრიმინაციული მიდგომა უფრო რეპრესიული ქმედებების წინაპირობა შეიძლება იყოს.
ხელისუფლების გადაწყვეტილება გააკრიტიკა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამაც და მთავრობას მოუწოდა, ნებისმიერი შეზღუდვა და მისგან დაწესებული გამონაკლისი შემთხვევები არადისკრიმინაციული მიდგომით შეემუშავებინა.