logo
ENG



დამოუკიდებელი გამოძიება: საფრანგეთის ეკლესიაში პედოფილიის მსხვერპლი 216000 ბავშვი გახდა

05 ოქტ 202115:06
3 წუთის საკითხავი
clock 1853

საფრანგეთში "მსხვერპლთა ასოციაციის" მიერ ჩატარებული დამოუკიდებელ გამოძიების მიხედვით, 1950-2020 წლებში საფრანგეთის კათოლიკე ეკლესიაში 216 000 ბავშვი პედოფილიის მსხვერპლი გახდა

გამოძიების ხელმძღვანელის თქმით, მოძალადეთა რიცხვი 2 900-დან 3 200-მდეა, ეკლესიამ კი მსხვერპლთა მიმართ სასტიკი ინდიფერენტულობა გამოავლინა. 

მსხვერპლთა ასოციაცია, რომელმაც გამოძიება ჩაატარა, 2015 წლის დეკემბერში საფრანგეთში შეიქმნა. მისი დამფუძნებლები 80-90-იან წლებში სენ ფოი-ლი-ლიონის სამრევლოს საკუტური ჯგუფის წევრები იყვნენ და როგორც ასოციაციის ვებ გვერდი გვამცნობს, ყველა მათგანი მიჩნეულია პედოფილიის მსხვერპლად.

ფრანსუა დევო, რომელიც ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია, ამბობს, რომ საფრანგეთის ეკლესიამ "უღალატა მორალს, რწმენას და ბავშვებს".  

გამოძიება 2.5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და ის ეკლესიის ჩანაწერებს, ასევე, მსხვერპლთა და მოწმეთა მონათხრობს დაეყრდნო. მასში ასევე მონაწილეობდნენ თეოლოგები, სოციოლოგები, ისტორიკოსები და ექიმები. 

გამოძიების ანგარიში 2 500-გვერდიანია. მასში ნათქვამია, რომ მსხვერპლთა უდიდესი ნაწილი 10-დან 13 წლამდე ასაკის ბიჭი იყო. 

"ეკლესიამ არა თუ აღკვეთა ძალადობა, არამედ არც ილაპარაკა ამაზე და სავარაუდოდ, ხელიც შეუწყო ბავშვების კონტაქტს მოძალადეებთან". - ნათქვამია გამოძიებაში.  

ანგარიშში ნათქვამია, რომ ბავშვები, რომლებმაც პედოფილია გამოსცადეს, ზრდასრულ ასაკში სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრობლემით იტანჯებოდნენ, აქვთ პრობლემები სქესობრივი ცხოვრების კუთხითაც. 

როგორც გამოძიების ავტორები, ისე პედოფილიის მსხვერპლები ეკლესიის მხრიდან კომპენსაციის გადახდას ითხოვენ. 

"არა მხოლოდ მცირეს - რამდენიმე ათას ევროს. ეს არ გვჭირდება. ჩვენ გვინდა რეალური კომპენსაცია, თითოეული ადამიანის ტანჯვის შესაბამისად".- ამბობს ერთ-ერთი მსხვერპლი. 

საფრანგეთის კათოლიკე ეკლესიაში პედოფილიის მასშტაბური შემთხვევების შესახებ ინფორმაციას ვატიკანიც გამოეხმაურა. განცხადებაში ნათქვამია, რომ პაპი ფრანცისკე "ღრმად სწუხს" მსხვერპლების გამო და "მიესალმება მათ გამბედაობას". 

ანგარიშის ავტორები კი ამბობენ, რომ მსხვერპლ ბავშვთა რიცხვი შესაძლოა 330 ათასამდე გაიზარდოს, ვინაიდან შესაძლოა დადასტურდეს ძალადობა კათოლიკე ეკლესიის სკოლების მასწავლებლების მხრიდან.  


close დახურვა