logo
ENG



კაპანაძე ბიუჯეტზე: საგარეო ვალი მშპ-ს 60%-ს გადასცდა, მომავალში სესხის აღება გაგვიჭირდება

29 დეკ 202018:08
3 წუთის საკითხავი
clock 1176
კაპანაძე ბიუჯეტზე: საგარეო ვალი მშპ-ს 60%-ს გადასცდა, მომავალში სესხის აღება გაგვიჭირდება

ევროპული საქართველოს წევრის სერგი კაპანაძის თქმით, 2021 წლის ბიუჯეტში ხარჯები შემცირებული არ არის, გარდა ამისა, გაზრდილია საგარეო ვალი, რომელიც მშპ-ს 60%-ს გადასცდა.

როგორც მან ფორმულას გადაცემა კომენტარში განაცხადა, ეს ნიშნავს, რომ მომავალში ქვეყანას კრედიტის აღება გაუჭირდება, ამხელა ვალს კი თითოეული მოქალაქე საკუთარ ჯიბეზე იგრძნობს.

"მთავრობამ ისეთი ბიუჯეტი მიიღო, რომელშიც არც ხარჯებია შემცირებული, ფუფუნებას რაც ხმარდება, ეს არ არის შემცირებული, არის გაზრდილი ვალი ისე, რომ უკვე გადასცდა დასაშვებ 60%-ს, მშპ-ს, თვითონვე ამბობენ და თვითონვე ეტყობათ შეშფოთება ხმაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მომავალში სესხის აღება გაგვიჭირდება და ბევრი პირობა იქნება ამ სესხთან დაკავშირებული იმიტომ, რომ ეს ის ზღვარია, რომელიც ჩვენნაირი ეკონომიკის ზომის ქვეყნებმა, როგორც წესი, არ უნდა გადავლახოთ, 60% არის მაქსიმუმი. როდესაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა, ვალი მშპ-ს 30% იყო, ახლა არის გაორმაგებული. ეს არის ძალიან მძიმე შედეგი, რომელიც ამ მთავრობამ დააყენა და ამას ყველა ვიგრძნობთ ჯიბეზე", - თქვა კაპანაძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტში არც გადასახადებია შემცირებული და ასევე ბევრი საკითხია, რომელიც არ არის ნახსენები. მისი განცხადებით, ქვეყანაში უმუშევრობის ზრდა და სიღარებე კორონავირუსამდეც იზრდებოდა, პანდემიამ უბრალოდ ვითარება დაამძიმა. 

კაპანაძის თქმით, როდესაც მთავრობამ პირველად წარადგინა ბიუჯეტის პროექტი, კორონავირუსთან დაკავშირებული ხარჯები 0 ლარი იყო, რაც ნიშნავს, რომ მათ არ ჰქონდათ გააზრებული, თუნდაც დაახლოებით, კოვიდთან დაკავშირებით რა ხარჯი შეიძლება ჰქონოდა ქვეყანას. 

"მოლოდინი ჰქონდათ, რომ კოვიდი წლის ბოლომდე დამარცხდებოდა. სიბრიყვის აპოთეოზია უბრალოდ", - აღნიშნა კაპანაძემ.

დღეს, 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, 2021 წლის ბიუჯეტი ერთპარტიულად დაამტკიცა 82 ხმით არცერთის წინააღმდეგ. 


close დახურვა