logo
ENG



კონგრესმა ჯო ბაიდენი არჩეულ პრეზიდენტად ცნო

07 იან 202112:54
3 წუთის საკითხავი
clock 1990
2021/01/07/z867kz86kmjf1lu.jpg

აშშ-ის კონგრესმა საპრეზიდენტო არჩენვებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცა. საარჩევნო კოლეგიის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ჯო ბაიდენი - 306; დონალდ ტრამპი - 232.

სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ არ დააკმაყოფილეს ჯორჯიასა და პენსილვანიაში ბაიდენისთვის ხმების გაუქმების მოთხოვნები. ჩაიშალა არიზონას, ნევადას და მიჩიგანის შტატების შედეგების გაპროტესტების მცდელობაც. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამტკიცებას წინ არეულობა უძღოდა.

დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და იმ სხდომის ჩაშლა სცადეს, რომელზეც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დამოწმებულიყო

დემონსტრანტების კონგრესის შენობაში შეჭრის შედეგად გარდაიცვალა ოთხი ადამიანი, ხოლო დაშავდა რამდენიმე სამართალდამცავი, არმიამ კი სიტუაციის დეესკალაციის მიზნით კაპიტოლიუმში ვაშინგტონის ნაციონალური გვარდია გაგზავნა. 

შენობაში შეჭრის შემდეგ კაპიტოლიუმში ლოკდაუნი გამოცხადდა, სენატორები და კონგრესმენები უსაფრთხოების მიზნით თავიანთ კაბინეტებში იმყოფებოდნენ, ვაშინგტონის მერმა კი ქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადა. 

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცველებმა შენობაში ხელნაკეთი ბომბი გაანეიტრალეს, რომელიც აფეთქების რეალურ რისკებს შეიცავდა. 

შტურმამდე სენატორებსა და კონგრესმენებს შორის მწვავე დებატები მიმდინარეობდა. რამდენიმე რესპუბლიკელი კანონმდებლის საპირისპირო პოზიციის მიუხედავად, ტრამპის მომხრე რესპუბლიკელები ამტკიცებდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა და რომ დემოკრატ საპრეზიდენტო კანდიდატს და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ლეგიტიმურად არ გაუმარჯვია. 

საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებიდან მოყოლებული თავად პრეზიდენტი ტრამპი უკვე მე-10 კვირაა ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ყველა სასამართლო ინსტანციამ, მათ შორის, ამერიკის უზენაესმა სასამართლომ, რომელიც ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში უმეტესად კონსერვატორი მოსამართლეებით დაკომპლექტდა, ტრამპის კამპანიის არცერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა. 

სხდომის თავმჯდომარემ მაიკ პენსმა ტრამპის მომხრეების პოზიციის საპირისპიროდ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის გამარჯვების რატიფიცირების პროცესს ხელს არ შეუშლიდა. სენატში რესპუბლიკელების თავმჯდომარის მიჩ მაკონალის თქმით კი, ამომრჩეველთა ნების უგულებელყოფა რესპუბლიკას სამუდამოდ დააზიანებს. თუმცა რესპუბლიკელი კონგრესმენების ნაწილი ტრამპის პოზიციას იზიარებს და აცხადებს, რომ ბაიდენის გამარჯვების დამოწმების პროცესს ხელს შეუშლის. 

თავად პრეზიდენტმა ტრამპმა Twitter-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომლითაც მომიტინგეებს სახლში წასვლისკენ მოუწოდა, თუმცა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მას და მის მხარდამჭერებს არჩევნები მოპარეს. 

შემდეგ Twitter-ის პოსტში კი ტრამპმა განაცხადა, რომ კაპიტოლიუმის შენობაში მომიტინგეთა შეჭრა სწორედ პატრიოტი ამერიკელებისთვის არჩევნების გაყალბების შედეგია. 

5 იანვარს გამოქვეყნდა სკანდალური ჩანაწერი აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტსა და ჯორჯიას შტატის რესპუბლიკელ სახელმწიფო მდივან ბრედ რაფენსპერგერს შორის, რომელიც შტატის საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი წარმომადგენელია, რომელშიც ტრამპი რესპუბლიკელი მაღალჩინოსნის იძულებას ცდილობდა, რათა შტატის ადმინისტრაციას ხმები ხელახლა გადაეთვალა

ტრამპი რაფენსპერგერისგან მოითხოვდა, გადათვლისას იმ რაოდენობის ხმები ეპოვნათ, რამდენიც რესპუბლიკელ კანდიდატს შტატში გასამარჯვებლად სჭირდებოდა. სამართლის ექსპერტების მოსაზრებით, სატელეფონო ჩანაწერი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავდა. 

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი და რესპუბლიკელების ნაწილი სამი თვეა აშშ-ის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, დემოკრატი კანდიდატის ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს შედგება, თეთრი სახლის ადმინისტრაციას კი ტრანზიციის პროცესი უკვე დაწყებული აქვს. 


close დახურვა