ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ მას ჩინურ ვაქცინაზე რეკომენდაცია არ გაუცია და ამის წარმოჩენას "ცალკეული მედია-საშუალებები, შესაშური გულმოდგინებით ცდილობენ".
ცერცვაძე Facebook-ზე წერს, რომ ის არ არის საკოორდინაციო საბჭოს წევრი და არ მონაწილეობს ქვეყანაში ამა თუ იმ ვაქცინის შემოტანის გადაწყვეტილების მიღებაში.
ცერცვაძის თქმით, მას საქართველოსთვის ოპტიმალურად AstraZeneca-ს ვაქცინა მიაჩნია. მისი თქმით, Pfizer-სა და Moderna-ს ვაქცინებისგან განსხვავებით, აღნიშნული ვაქცინა "თავისუფალია ლოჯისტიკური სიძნელეებისგან".
"პირადად მე საქართველოსთვის ოპტიმალურად მიმაჩნია ინგლისის ოქსფორდის უნივერსიტეტის და კომპანია "AstraZeneca"-ს მიერ წარმოებული ვაქცინის შემოტანა, ვინაიდან ეს უკანასკნელი არის მაღალი ხარისხის და სანდოობის (არანაკლები, ვიდრე „Pfizer”-ის ან “Moderna”-ს ვაქცინები) და ამავე დროს ის თავისუფალია ბოლო ორი ვაქცინისათვის აუცილებელი ლოჯისტიკური სიძნელეებისგან. კერძოდ, "AstraZeneca"-ს ვაქცინა არ საჭიროებს შენახვის და ტრანსპორტირებისათვის -80⁰ ან -20⁰ რეჟიმს და ინახება ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურაზე",-წერს ცერცვაძე.
რაც შეეხება ჩინური წარმოების ვაქცინას, ცერცვაძე ამბობს, რომ ის "ხელწამოსაკრავი" ვაქცინა არ არის, თუმცა ამ ვაქცინის შემოტანაზე მას რეკომენდაცია არ გაუცია.
"მე აღვნიშნე და ვრჩები იმ აზრზე, რომ ის არ არის „ხელწამოსაკრავი“ და შესაძლოა იყოს არანაკლებ ეფექტიანი, რის სასარგებლოდაც მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ამ ვაქცინით ხდება მოსახლეობის ვაქცინირება ჩინეთში და ეს ვაქცინა შეიძინეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ბრაზილიადა სხვ. მაგრამ ვიმეორებ, რომ მე არ გამიცია რეკომენდაცია ამ ვაქცინის შემოტანაზე, მითუმეტეს, რომ ეს საკითხი ჩემი გადასაწყვეტი არ არის",-წერს ცერცვაძე.
თენგიზ ცერცვაძემ, გუშინ 10 დეკემბერს განაცხადა, რომ საქართველოში ორი ვაქცინის შემოტანაზეა საუბარი, მათ შორის ერთერთი ჩინური ვაქცინაა.
რაც შეეხება Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინებს, ცერცვაძემ თქვა, რომ აღნიშნული ვაქცინები საქართველოსთვის ხელსაყრელი არ არის.