logo
ENG



დეკანოზი ჭიღლაძე: კარგი იქნება ყველა საშიში მქადაგებელი იცოდეს საზოგადოებამ, ბევრნი არიან

28 იან 202113:04
3 წუთის საკითხავი
clock 465

საქართველოს საპატრიარქოს დიდი ბრიტანეთის ეპარქიის მანჩესტერის ქართული სამრევლოს ხელმძღვანელი ილია ჭიღლაძე დეკანოზი თადეოზის ქადაგებას ეხმაურება და აცხადებს, რომ კარგი იქნება თუ საზოგადოებას ყველა მსგავსი მიუღებელი მქადაგებლის ვინაობა ეცოდინება, რადგან მათი რაოდენობა დღეს ბევრია. დეკანოზმა თადეოზმა ქადაგებისას განაცხადა, რომ სჯობს "პარაზიტი ბავშვები" ადრე მოკვდნენ და სასუფეველში მოხვდნენ, ვიდრე უმაქნისები გაიზარდონ. გარდა ამისა, დეკანოზი თადეოზ სარალიძე არმენოფობიური და ანტისემიტური განცხადებებითაც გამოირჩევა. 

როგორც დეკანოზმა ჭიღლაძემ გადაცემაში "კომენტარი" განაცხადა, თადეოზის ქადაგება სასულიერო პირისთვის შეუფერებელი იყო და მისი მეტყველების ფორმა მიუღებელი.

"ამბიონზე მდგომ მოძღვარს ძალიან დიდი სიფრთხილე ევალება. მით უმეტეს, როდესაც ეს იწერება და ვრცელდება, პასუხისმგებლობა ათმაგდება. თუმცა, მეორეს მხრივ, ძალიან კარგია, რომ იქნა ჩაწერილი ეს და გავრცელებული. კარგი იქნებოდა, რომ ყველა ასეთი საშიში და მიუღებელი მქადაგებელი იცოდეს საზოგადოებამ, ეს მარტო ერთი ხომ არაა, ასეთი ბევრნი არიან", - აცხადებს დეკანოზი.

მისი თქმით, დეკანოზ თადეოზის ქადაგებაზე გამოწვეული აჟიოტაჟი მიუთითებს იმაზე, რომ სამოქალაქო საზოგადოება გაიზარდა, ერი უფრო მომთხოვნი გახდა და ეს სამღვდელოებაზეც დადებითად უნდა აისახოს.

ამასთან, დეკანოზ ჭიღლაძეს მიაჩნია, რომ საპატრიარქომ მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და გააკონტროლოს სასულიერო პირების გამონათქვამები.

გუშინ, 28 იანვარს, დეკანოზ თადეოზის ქადაგების შემდეგ გამოწვეული საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ, საქართველოს საპატრიარქომ დეკანოზ თადეოზ სარალიძის "შენდობის თხოვნის წერილს" გაავრცელა, რომელიც მათივე ცნობით, მიწოდებულია ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიერ. წერილში ვკითხულობთ, რომ დეკანოზი თადეოზი ითხოვს შენდობას იმის გამო, რომ მღვდელმთავრის კურთხევის გარეშე იქადაგა.

იქამდე კი თადეოზის ქადაგებაზე განცხადება მიტროპოლიტმა დანიელმა გააკეთა და განაცხადა, რომ დეკანოზ თადეოზს ზოგ შემთხვევაში სწორი პოზიციის თქმა სურდა, მაგრამ არასწორად გამოთქვა.


close დახურვა